ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში „რუსთავი 2“ არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის იფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, “რუსთავი 2”–ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.”
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
ტელეკომპანიის ცნობით, დოკუმენტის შინაარსს თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა და სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გასაჯაროებული დოკუმენტი ყალბია.
ადვოკატის თქმით, თუ მხარეს აქვს დოკუმენტის ორიგინალი, შეიძლება ჩატარეს ექსპერტიზა და დადგინდეს ეკუთვნით თუ არა ხელმოწერები პირებს.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის მოგვიანებით, ახლახანს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს,” – განმარატვს პაატა სალია.
