ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელიც იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის.
როგორც “ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.
სტუდენტთა პირველ ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი «ქართუ».
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ».
ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.
