ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაურია, პირველკურსელებისთვის სწავლის დაწყების მისალოცად 107-ე აუდიტორიაში თსუ-ს რექტორი, გიორგი შერვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე იმყოფებიან, „აუდიტორია 115“- ის წევრები მათთან მისვლას ცდილობდენ, რის საშუალებასაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ორივე შესასვლელთან მათ დაცვის სამსახური არ აძლევდა, თუმცა, როგორც “ფორტუნას კორესპონდენტი იტყობინება, მათ მოახერხეს კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა.
სტუნდენტებმა რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს, რასაც გიორგი შერვაშიძე დათანხმდა და მათ შორის შეხვედრა რამდენიმე წუთში შედგება.
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა დღეს სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მიმდინარეობდა. ღონისძიებას მინისტრებიც ესწრებოდნენ. სტუდენტებმა 6 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები დააყენეს, ისინი მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა.




