LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი და გიორგი დათიაშვილი დუეტად 12 სიმღერას ჩაწერენ

Ardaidardo.Ge

თაკო მელიქიშვილისა და გიორგი დათიაშვილის დუეტი ისევ შეიკრა და თან, საკმაოდ დიდი ხნითაც. მომღერლები, რომელთა ერთობლივი სიმღერა „ბასანოჟკები“, ჰიტი გახდა, ფიქრობენ, რომ ერთი მთლიანი ალბომისთვის გაერთიანება კარგი იდეაა და წარმატებული ტანდემი შედგება.


თაკო მელიქიშვილი:

„ბასანოჟკები“ პოპულარული მალევე გახდა, შემდეგ კიდევ ორი ერთობლივი ნამუშევარი გვქონდა. ახლა კი ახალი იდეა დაგვებადა, რომლის განხორციელებაზეც უკვე ვმუშაობთ. მე და გიორგი 12 სიმღერას ჩავწერთ ერთად. ჯერ არ ვიცით, დუეტს რაიმე სახელს დავარქმევთ თუ არა.

პირველი სიმღერა ალბომიდან უკვე ჩაწერილია. ხვიჩა მაღლაკელიძემ დაადო გიტარის პარტია. ეს არის ერთ-ერთი ფილმის საუნდთრექი, თუმცა პრემიერამდე ვერ გაგიმხელთ, რომლის (იღიმის). რასაკვირველია, მსმენელი მას „არ დაიდარდოს“ ეთერში მოისმენს. მცირე დეტალებიც დარჩენილი და მალე წარმოგიდგენთ. ამ სიმღერის რემეიკი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია და ჩვენ ვიქნებით პირველები.


კიდევ რა სიმღერების ჩაწერას გეგმავთ?

რეპერტუარში იქნება არა მხოლოდ ძველი მივიწყებული სიმღერების ახლებური ვერსიები, არამედ ახალი სიმღერებიც. ვაპირებთ კლიპის გადაღებასაც. ეს იქნება პროგრამა, სადაც ჩვენ გარდა, მონაწილეობას მიიღებს ცეკვის თეატრი „სალხინო“. სიმღერა ცეკვიდან გამომდინარე დავიწყე და ძალიან მინდა, რომ მეც ჩავერთო ქორეოგრაფიაში. მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ვიდეორგოლშიც.

ზოგადად, ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ პროგრამაში მოცეკვავეებიც მყოლოდნენ, მაგრამ კონცერტები ნაკლებად ტარდება, თუ იმართება, ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ბენდის თუ მოცეკვავეების მოწვევის საშუალება არ არის. მაგრამ ახლა ყველაფერი გადაწყვეტილია და ცეკვის თეატრი ჩვენს პროექტში მონაწილეობას მიიღებს. კოსტიუმებიც შეკერილია და აქტიურად ვემზადებით (იღიმის).

ნინო მურღულია