LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძის „ლამინირებული“ ალექსანდრე – „მინდა, ჩემი შვილი მღეროდეს…“

ლაშა ბასლანძისა და სალომე ბაკურაძის ვაჟი, ალექსანდრე სოცქსელში ძალიან პოპულარულია.  წყვილს პატარა სანტი სულ თან დაჰყავს. დედ-მამა ხშირად დებს მის ფოტოებს, მაგრამ ბავშვს ავი თვალისგან დასაცავად ბევრი რამ უკეთია.

სალომე სასტუმრო „ამბასადორში“ შვილთან ერთად გადავიღეთ და ინტერვიუც ჩავწერეთ სპეციალურად „ფორტუნას“ საიტისთვის.

როგორია ამ პატარა უსაყვარლესი ბიჭის დედობა?

 ყველაზე მაგარია. რამდენჯერაც უნდა გკითხონ, იმდენჯერ სიამოვნებით უპასუხებ, რომ ყველაზე ახალი რამ ხდება შენს ცხოვრებაში. არ მომერიდება, ვიტყვი ბანალურად, მეც ვკითხულობ – ნეტავ, რა ხდებოდა აქამდე? ცხოვრების მოყვარული ვარ და სულ მიყვარდა ცხოვრება და მეგონა, რომ ყოველთვის კარგად ვიყავი, მაგრამ ეს ეტაპი სულ სხვაა. იყო ჩემს ცხოვრებაში საკვანძო და დიდი მომენტები, მაგრამ დღეს განსხვავებულად ბედნიერად ვგრძნობ თავს.

teqstiრა შეიცვალა ალექსანდრეს დაბადების შემდეგ შენი და ლაშას ურთიერთობაში?

 ჩემი და ლაშას ურთიერთობაში? ვერ ვიტყვი, რომ უცებ გავდიდდით და შევიცვალეთ. ისევ ისე ვსულელობთ ერთმანეთთან და გარეთაც, მაგრამ გაგვიჩნდა ერთი საზრუნავი. თუკი დიდი რამ ხდება, ვიცით, რომ ეს კეთდება ალექსანდრესთვის, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს. ვამჩნევ, რომ თითქოს ოდნავ დავდინჯდით. ავჩქარდით იმ მხრივ, რომ როცა საქმეებს ვრჩებით, სახლში გავრბივართ, ვნახოთ, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, მოვჭყლიტოთ.

 ძალიან აქტიური ორსული იყავი. ბავშვსაც სულ თან დაატარებ…

40 დღის რომ გახდა, მოვნათლეთ, შემდეგ აღვნიშნეთ რესტორანში. ვიფიქრეთ, რომ იქ მივიყვანდით და სუფრაზე „დაილოცებოდა“. ბოლომდე დავტოვეთ. იქ ტაშფანდური და ამბავი იყო, ხმაური, მანაც ჩვენთან ერთად გაატარა დრო, ჭამა, დაიძინა და სახლშიც ერთად წამოვედით. მას შემდეგ დავატარებთ თითქმის ყოველ საღამოს ლაშიკოს დედასთან სახლში, მოურიდებლად სტუმრობს ჩემს მეგობრებს. არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის მის ტარებას. დედაჩემი მეხმარება და შემიძლია მასთან დავტოვო, მაგრამ მომწონს, როცა თან ვატარებ.

ზოგადად, დამხმარეები ნამდვილად არ მაკლია, არც ერთი მხრიდან. ყველა სურვილს გამოთქვამს, ოღონდ რამე დამჭირდეს და დამეხმარებიან, მეგობრების დედებით დაწყებული, ლაშიკოს ბებიათი გაგრძელებული… პრობლემად არასდროს გამიხდია, რა მეშველება, ძიძა უნდა ვეძებო-მეთქი.

teqsti1 ბევრი პოპულარული წყვილისგან განსხვავებით, პრესისგან არ დაგიმალავთ პატარა…

 მისი ფოტოების დამალვას აზრი არ აქვს, რადგან ყველგან დაგვყავს. იყო ეტაპი, როცა არ გვინდოდა მისი გამოჩენა, მონათვლამდე. სრულიად უცხო ადამიანებს რომ უყვართ ბავშვი, რომელიც მათი ნათესავი არ არის, რატომ არ უნდა მიხაროდეს?

ალექსანდრეს უკეთია ჯვარი, წითელი ძაფი. მოკლედ, ბავშვი „ლამინირებულია“ და ვის უნდა დავუმალო?!.

წარმოგიდგენია მისი მომავალი? ამაზე ფიქრობ?

პროფესიის არჩევაში არ ჩავერევი. თუკი რჩევას მკითხავს, აუცილებლად ვეტყვი ჩემს აზრს, გავუზიარებ გამოცდილებას, მაგრამ მირჩევნია, საკუთარი გამოცდილება დააგროვოს. მე მინდა, რომ იმღეროს. ყოველ შემთხვევაში, კარგი მელომანი მაინც იყოს. მაგრამ ზოგადად, მინდა, შემოქმედი ადამიანი იყოს, ეს ძალიან მაგარია, რადგან ბევრ რამეს განსხვავებულად განიცდი და გამოხატავ. სულ ვამბობ, რომ არ ვმღეროდე, ალბათ, ერთ დღეს ემოციებისგან გავსკდები… იმდენად იხარჯები და მელოდიაში იმდენი სილაღეა, სულ ერთია, რა გიჭირს და ეხმიანება თუ არა ტექსტი შენს პრობლემას ან შინაგან ემოციას… მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მხრივ არ იხარჯებიან. მინდა, ალექსანდრეს ჰქონდეს ეს ნიჭი…

მეორე შვილზე ფიქრობ?

teqsti4 ჯერ არა, თუმცა მომინდება და დიდი სურვილი მექნება. ელენესთვის (ლაშა ბასლანძის ქალიშვილი – ავტ.) ძალიან კარგი იქნება, ძმაც ეყოლება და დაც. სასურველი იქნებოდა გოგონას ყოლა, მაგრამ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ვიღაცები ამბობენ, ყურადღება მოაკლდება შვილს და არ მინდა, ან კარიერას მოაკლდება რაღაც და არ მინდაო, მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.

როგორი გინდა, იყოს ალექსანდრე?

 ლაღი და გულწრფელი მინდა, რომ იყოს, იცოდეს სიყვარული.

წარმოგიდგენია, ცოლის მოყვანას რომ დააპირებს, როგორი დედამთილი იქნები?

 (იცინის) ყოველ შემთხვევაში, მინდა, ისე გამოვიყურებოდე, როგორც ჩემი დედამთილი გამოიყურება. მინდა, ჩემი რძალი ჩემთან ისე მეგობრობდეს, როგორც მე ვმეგობრობ ლაშიკოს დედასთან. მგონია, რომ თუკი კარგი ბიჭი იქნება, კარგი გოგოც ეყოლება გვერდზე…

untitled-3ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ნინო მურღულია