გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე ესტუმრა.
რამ განაპირობა პროექტის #ძალანდობას ინიცირება?
თემა იმდენად აქტუალურია, რომ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი როგორი მექანიზმები არსებობს სახელმწიფოში იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას. შსს-ს უმთავრეს უფლებამოსილებას წარმოადგენს ებრძოლოს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ძალადობას, გამოავლინოს ფაქტი და აღკვეთოს ის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრიორიტეტულობას კი მისი ფარული და ლატენტური ხასიათი განსაზღვრავს, ოჯახში ძალადობა თავისი ფარული ხასიათიდან გამომდინარე ყველაზე რთულად გამოსავლენი დანაშაულია და სამართალდამცავებს ამ საკითხში განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. შსს-ში წარმოებს საჭიროებების ანალიზი იმასთან დაკავშირებით,თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს პოლიციის მუშაობა, მათი მანდატის აღსრულება და ა.შ. დღის წესრიგში კვლავ დგას მოსახლეობის ინფორმირებულობა ოჯახში ძალადობის ფენომენთან, მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან და იმ უფლებებთან და იმ გარანტიებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს. ოჯახში ძალადობა მიმდინარეობს ყველა დროში, ყველა სოციუმში და ყველა ეკონომიკურ მდგომარეობაში. ძალადობა მიბმულია კაცობრიობასთან, აქ მთვარია როგორ ვებრძვით ძალადობას. 2014 წელს შსს-ს ინიციატივით განხორციელდა ფართო მასშტაბიანი სოციალური კამპანია, რომლის შედეგებიც ხილვადი და ხელშესახებია, ამისი დამადასტურებელია ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები.
ქართული ოჯახის ფენომენი ძალიან მყარია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა გაიაზრებს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ისეთივე რეაგირებაა საჭირო, როგორც ქუჩაში. აღსანიშნავია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობა.
რა არის ოჯახში ძალადობა და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მოქალაქემ შესაბამის სამსახურს.
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. ეს იყო პირველი ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მან პოლიტიკის დონეზე აიყვანა თავისი სურვილი ჩაერიოს ”ოჯახის საქმეში”. ამ პოლიტიკის გაგრძელება და გაძლიერება იყო ის, რომ 2012 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და ოჯახში ძალადობა გახდა დანაშაული.
კანონი გვაძლევს ზუსტ დეფინიციას თუ რა არის ოჯახში ძალადობა. ფართო დეფინიციით ოჯახში ძალადობა არის ერთი პირის მიერ მეორე ოჯახის წევრის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. თუმცა, არის ექვსი ტიპის ძალადობა, ესენია: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და ბოლოს, ძალადობის ახალი ფორმა – უგულვებელყოფა, რომელიც ძირითადად ბავშვების წინააღმდეგ არის მიმართული.
რა აქტივობებია კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი?
შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია ”ძალა ნდობას” დაიწყო. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. დაჯილდოვდა ხუთი პოლიციელი, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოცხადდა საჯარო კონკურსი კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და საუკეთესო სტატიის ავტორობისთვის.
გამარჯვებული სლოგანი გახდა #ძალანდობას. ნდობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც სახელმწიფო სთხოვს საზოგადოებას, რომ უფრო მეტად განახორციელოს მანდატით დაკისრებული უფლებამოსილებები. რაც შეეხება ლოგოს, ის ერთი შეხვედვით თითქოს გაურკვეველი ორნამენტია, თუმცა ორ ძლიერ ფიგურას აერთიანებს – არის გაწვდილი ხელი, აქ სახელმწიფო ხელს უწვდის ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს მისგან დახმარება და მასში ინტეგრირებულია ბაფთა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული სიმბოლოა.
რა აქტივობებს ითვალისწინებს პროექტი და როგორი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს დღეის მდგომარეობით?
ყველაზე მსუყე კომპონენტს წარმოადგენს საინფორმაციო კამპანია. მეორე კი არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება სტატისტიკას, ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ შევაფასოთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და მეორე, როგორ რეაგირებენ ამ მდგომარეობაზე სახელმწიფო უწყებები. შსს-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე წარმოებს სპეციალური სტატისტიკის ფორმატი, რომელიც მხოლოდ ძალადობას ეხება. აქ საკმაოდ დეტალური ინფორმაციაა თუ რა რაოდენობის მოქალაქე გახდა ძალადობის მსხვერპლი, მონაცემები იტვირთება სქესის, ასაკისა და გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით.
გვაქვს ძალადობის ტიპების სტატისტიკური მაჩვენებელიც – ყველაზე ხშირად ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა. ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, მას ჯაჭვური ხასიათი აქვს. როდესაც ოჯახის ერთი წევრი მეორეზე, უფრო სუსტ ობიექტზე ძალადობს, ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს აგრესია გადაქვს კიდევ უფრო სუსტ არსებაზე და ეს არის ბავშვი.
პოლიცია არის პირველადად მორეაგირე უწყება, რომელიც ერთვება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ნებისმიერი გზით გაკეთებული შეტყობინების შემდეგ, ეკიპაჟი ვალდებულია დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება, გადის შემთხვევის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, გამოკითხავს პოტენციურ მსხვერპლს, მოწმეებს და მოძალადეს, თუკი ის ადგილზეა. შეაგროვებს ყველა მტკიცებულებას და ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ დაიწყოს გამოძიება. შემაკავებელი ორდერი არის სამართლებრივი აქტი, რომელსაც პოლიციელი გამოსცემს მოძალადის წინააღმდეგ და უზღუდავს მას გარკვეულ უფლებებს. არის ასევე დამცავი ორდერი, რომელიც ასევე მსხვერპლს იცავს მოძალადისგან.
როდის დასრულდება პროექტი?
პროექტი 28 თვის ხანგრძლივობის არის. იმედი გვაქვს, რომ დასრულების შემდეგ გაზრდილი იქნება მიმართვიანობის რაოდენობა და შემაკავებელი ორდერების რიცხვიც. სამწუხაროდ, რეგისტრირებული ფაქტების რაოდენობა, რეალობაში იმ რიცხვის ადეკვატური არ არის, რაც სინამდვილეში ხორციელდება.
გადაცემის ჩანაწერი



