
ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში იმყოფება. მათი საკონცერტო გამოსვლები 16 ოქტომბრიდან დაიწყო, კალიფორნიაში, სადაც ანსამბლს ოთხი გამოსვლა ჰქონდა.
ტურნეს პირველ კონცერტს, რომელიც „ბასიანმა“ კალიფორნიის შტატში, სტანფორდის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა, აღფრთოვანებულ მსმენელთა აპლოდისმენტები და გაზეთ „Los Angeles Times“-ის გამოხმაურება მოყვა.
ბასიანის მიერ ნიუ იორკში გამართული კონცერტის შემდეგ საიტი newyorkmusicdaily წერს:
„თაუნ ჰოლში გასულ ღამეს ატმოსფერო სეზონის შეუფერებლად ბნელი და სუსხიანი არ ყოფილა. წვიმაში ენთუზიასტები, ძირითადად რუსულენოვანი ხალხი ნიუ იორკის სცენაზე წლის ერთ-ერთი ყველაზე არაამქვეყნიური მელოდიების მომსწრენი გახდნენ. ქართული მუსიკის ცნობა მარტივია, ასეთი ჟღერადობა მსოფლიოში არაფერს აქვს. თორმეტი მამაკაცი რომელიც წარმოადგენს ანსამბლს „ბასიანი“ ეკლექტურ და ენერგიულ, ვნებიან პოლიფონიებს და შთამბეჭდავ ხმოვანებას ქმნიდა.
ურთულესი მუსიკალური გადასვლები მათ დამახსოვრებული ჰქონდათ და სუფლიორის გარეშე მღეროდნენ. მათი რეპერტუარი ასობით
წელს ითვლის, თუმცა იმდენად რთული ჟღერადობისაა, რომ ავანგარდულად ჟღერს. მუსიკა, რომელიც ძველია, მოულოდნელად ახალი ხდება. სტრავინსკიმ მსგავსი მელოდიები რუსეთის ჩრდილოეთში წაიღო და „გაზაფხულის რიტუალად“ აქცია. მაშინ ალბათ არავინ იცოდა თუ რამდენი ისესხა მან ძველი სოფლების სიმღერებიდან” – წერს გამოცემა.
