
მომღერალი ზურა ხაჩიძე ამჯერად ჰოლანდიაში იმყოფება. თბილისში დაახლოებით ერთ კვირაში დაბრუნდება და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდება. „ქუჩის ბიჭების“ და საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ, ზურა ხაჩიძე „არ დაიდარდოს“ ესაუბრა.
– სულ ცოტა ხნის წინ, მე, ზალიკო ბერგერი და აჩიკო მეფარიძე ვიმყოფებოდით გერმანიაში, კერძოდ ქალაქ მიუნხენში, სადაც არაჩვეულებრივი კონცერტი ჩავატარეთ. ღონისძიების წამყვანი ზალიკო ბერგერი იყო. ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო გერმანიაში და მინდა ავღნიშნო, რომ იქ მცხოვრები ადამიანები, ძალიან თბილი და კარგი მსმენელია. პირველად მე და „ტიფლისის“ მსახიობმა ნოე ლომინაძემ გავაკეთეთ ღონისძიება მიუნხენში და აღფრთოვანებული დავრჩი, ხალხის რეაქციით.
– ჰოლანდიაში რა მიზნით იმყოფებით?
– ჰოლანდიაში დასასვენებლად ჩამოვედი, თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ჩემს კონცერტებთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთ კვირაში დავბრუნდები თბილისში.
– ვიცი, რომ მომავალშიც ხართ მიწვეული გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან კონცერტზე?
– კი, ნამდვილად ასეა. მიუნხენში გავიცანი რესტორან „მარანის“ ხელმძღვანელი, რომელმაც მე და მერაბ სეფაშვილი თებერვალში ბერლინში დაგვპატიჟა. იქ ჩავატარებთ კონცერტს. სხვა ქალაქებშიც გვაქვს დაგეგმილი კონცერტები, მაგრამ ზუსტი დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია. რადგან არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი.
– ახალ წელს სად იმღერებთ?
– მე და „ქუჩის ბიჭებს“ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა მენეჯერებთან და ახლა ხდება საბოლოოდ იმის შერჩევა, სად ვიმღერებთ ახალ წელს. ზუსტად ვიცი რომ 2017 წელს საქართველოში შევხვდები და კონცერტებს გავმართავ. როგორც ჯგუფთან ერთად ასევე, დამოუკიდებლად.
– კლიპის გადაღებას არ გეგმავთ?
– ამის შესახებ ჯგუფს არ გვქონია საუბარი, მე ვაპირებ ჩემს სოლო სიმღერაზე გადავიღო კლიპი და ამისთვის ისევ დავბრუნდები ჰოლანდიაში.

