
ქართველი მომღერალი ნინი ნემსაძე ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. კონკურსზე პირველ ტურში ნინიმ ჯეიმს ბრაუნის რეპერტუარიდან ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულა. ხოლო მეორე ტურში, კონკურსის დებულების მიხედვით, მსმენელს საკუთარი პროდიუსერის და კომპოზიტორის ნიკოლოზ თითირაშვილის საავტორო სიმღერა ”ჩანახატი” წარუდგინა, რომლის ტექსტიც ინგლისურად იქნა ნათარგმნი.
ნამუშევარი კონკურსის საუკეთესო საავტორო სიმღერად აღიარეს. კონკურენცია ფესტივალის 97 მონაწილეს შორის მიმდინარეობდა. ქულათა უპირატესობით ნინიმ პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო ორივე ტურის ქულათა მაქსიმუმით ჟიურიმ ქართველ მონაწილეს გრან-პრი გადასცა. კონკურსის ორგანიზატორმა ტომი იოვჩევმა ნინის სპეციალური პრიზი მომავალი ვარსკვლავი უსახსოვრა.
ბულგარეთის კონკურსამდე, ნინი მანამდე კიდევ ერთი პრიზით ხელდამშვენებული კიევიდან დაბრუნდა. მან პირველი ადგილისთვის ”ოქროს მიკროფონი” მიიღო. ხოლო მისმა სიმღერამ ”ჩანახატი” ოქროს მედალი. ასევე სპეციალური პრიზი რუმინეთის ჟიურის წარმომადგენლისაგან ”სვაროსკის” თვალით შემკული ”ოქროს დელფინი”, როგორც ჟიურის სიმპატია.
ნინი ნემსაძე სამომავლოდ კლიპის გადაღებას და სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს. იქამდე კი 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით წინ კიდევ რიგაში ერთი ფესტივალი ელოდება.
