
ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე, „ქართულ ხმებთან“ და დავით მაზანაშვილთან ერთად დოჰაში იმყოფებოდნენ, სადაც კონცერტი გამართეს. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, ნანი ბრეგვაძის მოსასმენად ღონისძიებას დოჰას პრინცესა მოზაც დაესწრო, რომელიც ღონისძიებით აღფრთოვანებული დარჩა. უფრო დეტალურად ამის შესახებ „არ დაიდარდოს“ მომღერალი ეკა მამალაძე ესაუბრა:
– დოჰაში ძალიან საინტერესო კონცერტი გვქონდა. საქართველოს საელჩომ მიგვიწვია და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს მიეძღვნა ღონისძიება. მე, ნანი, დათო არჩვაძე და
დავით მაზანიშვილი ვიყავით საქართველოდან. იქაური მსმენელი კონცერტებზე დიდ დროს არ ატარებს, მცირე აუდიტორია დაესწრო ჩვენს ღონისძიებას, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, როდესაც ღონისძიებაზე მოვიდა დედოფალი, შეიხა მოზა.
როგორც ვიცი, საქართველოში გაიცანით შეიხა მოზა?
კი, მას ჩვენ საქართველოში შევხდით და როდესაც გაიგო, რომ იქ კონცერტი ტარდებოდა, უთქვამს, ნანი ბრეგვაძე თუ იმღერებს, ღონისძიებას ცოტა ხნით დავესწრებიო და მოვიდა. ის არ დადის კონცერტებზე. ოპერის თეატრში აქვს სპეციალური ლოჟა, სადაც არასდროს ყოფილა. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ჩემი და ნანის გამოსვლას დასწრებოდა, მაგრამ ის თავის ესპანელ მეგობრებთან ერთად ბოლომდე დარჩა კონცერტზე. ეს საოცარი მოვლენა იყო დოჰასთვის. დოჰას სამეფო კარის წარმომადგენლები ურეკავდნენ ჩვენს ელჩს, ასეთი რა მოხდაო. შემდეგ თავის საიტზეც დაწერა დედოფალმა ჩვენ შესახებ.
საახალწლო სამზადისს როდის იწყებს თქვენი ოჯახი?
დეკემბრიდან ვიწყებ საახალწლოდ მზადებას. განსაკუთრებული ნაძვის ხე და სილამაზე მაქვს სახლში. ნანი ამ სამზადისში არ ერთვება. საახალწლოდ ჩვენი ოჯახის მთავარი საჩუქარი და სიახლე არის ნატალიას ჩამოსვლა ამერიკიდან, რომელიც საახალწლო კონცერტზე მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, იქნება ღონისძიება ღია ცის ქვეშ, სადაც მეც ვიმღერებ. ჯერ დეკემბერია და არაფერი მაქვს გადაწყვეტილი.
არ გიჭირთ ნატალიკოს გარეშე ყოფნა?
ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა, მე პრაგმატული ადამიანი ვარ, ვიცი, რომ იქ ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანია.


