
ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, სულ მალე კიდევ ერთ სფეროში, ბიზნესში მოსინჯავს საკუთარ ძალებს. ლაშა ღლონტმა მეგობრებთან ერთად ღვინის ახალი ბრენდი შექმნა. ამბობს, რომ მკაცრი ბიზნესმენი არ იქნება, რადგან მეღვინეობა მეგობართან ერთად დაიწყო. საკუთარი შემოქმედებითი სიახლეებისა და ბიზნესგეგმების შესახებ, ლაშა „არ დაიდარდოს“ მსმენელს ესაუბრა.
რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი გასტროლებიდან. ჯერ ამერიკაში მქონდა კონცერტი, შემდეგ კი საბერძნეთში გავემგზავრე მურმან ჯინორიასთან ერთად. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა, რისთვისაც ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ანსამბლი „ალილო“ ახალ კლიპზე მუშაობს, რომელიც ნატო თოთიბაძის სტუდიის ბავშვებთან ჩავწერეთ. ასევე კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩავწერეთ. რომლის
პრეზენტაციაც ახალი წლის ღამეს შედგება.
სად იმღერებს ახალ წელს ანსამბლი „ალილო“?
ახალი წლის ღამეს ჩვენი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. კლუბ „ტრიუმფში“ ვიმღერებთ. ჩემთვის ამ წელიწადს მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემი და ქეთი ფარესაშვილის მუსიკალური ექსპერიმენტი. ამ იდეის ავტორი მე ვიყავი და მიხარია, ხალხმა კარგად რომ შეაფასა.
კიდევ ერთი სიახლე, რაც ამ წელიწადს მოხდა თქვენს ცხოვრებაში, იყო თქვენი ქალიშვილის გაბედნიერება, როგორ შეეჩვიეთ ამას?
ვმეგობრობ ჩემს სიძესთან. როცა იცი, რომ დიდი სიყვარულია, უძლური ხარ, მათ ხელს ვუწყობ ყველაფერში. ანი ახლა ორსულად არის, მალე ბიჭი შეგვეძინება და ვართ მოლოდინის რეჟიმში.
სიმღერის გარდა კიდევ რას აკეთებთ?
სხვა საქმიანობითაც ვარ დაკავებული, სამედიცინო კომპანია მაქვს. ბიზნესსექტორშიც დავიწყე საქმიანობა. მეგობართან ერთად ღვინის კომპანია შევქმენი. მალე გამოვა ახალი ქართული
ბრენდი „აპრილი“.
რატომ გადაწყვიტეთ მეღვინეობა?
კულინარია ჩემი ჰობია, ქართული და ევროპული სამზარეულო კი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. მოგეხსენებათ, ღვინის სამშობლო ვართ, ტრადიციულ მეთოდებზე დაფუძნებული, თანამედროვე არომატის ღვინო შევქმენით. უფრო მარტინისნაირი სასმელია, რომელიც განსაკუთრებით ქალებს მოეწონებათ.
მკაცრი ბიზნესმენი იქნებით?
იმდენად წესიერ ხალხთან მაქვს კონტაქტი, სიმკაცრე არ მომიწევს. ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი ღვინო მხოლოდ ფეშენებელურ რესტორნებსა და სასტუმროში გაიყიდება.

