პირველად საქართველოში უძველესი სასმისების გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემაა“, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე, კ. მარჯანიშვილის ქ. №18-ში საქართველოში პირველად გამართავს ძველი ქართული სასმისების და ანტიკვარიატის გამოფენას „მეტყველი სასმისები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან შემორჩენილი და კერძო კოლექციებში დაცული სასმისების უნიკალური ეგზემპლარები, რომელთა ანალოგებიც არ მოიპოვება.
”აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წამოჩენას და პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო ფენებს შორის. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს სასმისების წარმომავლობას და მათ კულტურულ ღირებულებას. მსურველებს ასევე შეეძლებათ, შეიძინონ სასურველი უიშვიათესი ორიგინალი სასმისები, რომელთა შორის იქნება გამოფენილი ვანო სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანის და სხვა ცნობილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური სასმისები. აღნიშნული ღონისძიება თითოეული მოქალაქისთვის იქნება იშვიათი შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებს”,- განაცხადეს ”დიადემაში”.
ცნობისთვის, ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემა“ 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია არაერთი გამოფენის, საერთაშორისო პროექტის და ფესტივალის გენერალური სპონსპორი და მონაწილეა. ასევე დამზადებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის, როგორიც არის – “მის საქართველო”, “მის ბიკინი”, “მის სტუდენტური სახე”, “საუკეთესო მოჭადრაკე ქალი”, “ფოტომანი”, “საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი” და ა.შ.

