გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი ესტუმრნენ. პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი – „ოჯახში ძალადობის თემების მედიაგაშუქება – ქართული რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“ გამართა. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. გადაცემა სწორედ აღნიშნულ თემას დაეთმო.
რატომ ჩატარდა მედია სემინარი და რას ისახავდა მიზნად?
მაკა: – მიხარია, რომ თქვენს ეთერში კიდევ ერთხელ ვარ, თუმცა მეორეს მხრივ ვისურვებდი, ეს თემა აღარ იყოს ასეთი აქტუალური. შსს 2016 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს ”შსს-ს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, დავგეგმეთ და დავიწყეთ სოციალური კამპანია #ძალანდობას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა სოციალურ გარანტიებს და რა სახის მექანიზმებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს და გვინდა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მერყევი აქვთ ნდობა, გავუძლიეროთ ეს ფაქტორი და გაამხილონ თავიანთი გასაჭირი, რომ სახელმწიფომ და კონკრეტულად შსს-მ შეძლოს მათი დახმარება სამართლებრივი კუთხით და ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური კუთხით. გვაქვს მუდმივი შეხვედრები იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ძალადობის საკითხებზე, პროექტის მიმდინარეობამ გვაჩვენა მედიასთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზების საჭიროება. მედიამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს რას საქმიანობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სემინარი 11-12 დეკემბერს გაიმართა და მედია ძალიან აქტიური იყო, მათი ინფორმირებულობა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მოლოდინი მქონდა. მედიის მხრიდან გულისხმიერება და სენსიტიურობა საკითხისადმი ძალიან მაღალი იყო. ინფორმაციის გაცვლა მოხდა როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განვახორციელეთ და რა გეგმები გვაქვს. შეხვედრას დაესწრო შსს მინისტრიც. მთლიანობაში, შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ჟურნალისტებს წარვუდგინეთ ვიდეორგოლიც, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და რა თქმა უნდა ეფუძვნება ნდობას.
რა მოლოდინი აქვს შსს-ს სემინარის შემდეგ?
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-სთვის ძალიან აქტუალური საკითხია. მედია ნამდვილად წარმოადგენს მეოთხე ხელისუფლებას – ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა, ყველა ვაცნობიერებთ, რომ მედიას დიდი როლი აქვს ადამიანების ცნობიერებაზე. დღეს მედია ყველაზე მეტად ”იჭრება” საზოგადოებაში. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ახალი ამბები ძალიან რეიტინგულია, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გაშუქდეს თითოეული საკითხი. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ. ის, რომ ოდესმე ძალადობა არ იარსებებს, ამის ილუზია არავის აქვს. აქ მთავარი ის არის, რას აკეთებს სახელმწიფო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ ამბის გაგებით, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლებთან ჰქონიათ შეხება, აგრძელებენ მათთან ურთიერთობას და მათ დახმარებას.
რას ეხებოდა კონკრეტულად სემინარი?
ნათია: – სემინარის მიზანი იყო იმ გზების ერთობლივად ძიება, თუ როგორ მოვერიოთ ოჯახში ძალადობის პრობლემას. ვხედავთ, რომ გაიზარდა მიმართვიანობის რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდა. სემინარზე წარმოდგენილი ჟურნალისტები ნამდვილად კარგად აღიქვამენ იმ გამოწვევებს, რაც აქვთ ოჯახში ძალადობის თემების გაშუქებისას. ამ დროს ტრამვას იღებს ის ადამიანი, ვისი ამბავიც განიხილება და ტრამვირდება აუდიტორიაც. ამიტომ, მსჯელობა შეეხო გზების, ხერხებისა და მეთოდების ძიებას, თუ როგორ შეგვიძლია ჟურნალისტებს უკეთ გავაშუქოთ ეს პრობლემური თემა და მეორეს მხრივ ვიზრუნოთ პრევენციაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტების ჩართულობა ამ თემაში?
ჩვენდა სამწუხაროდ ძალადობასთან დაკავშირებული თემები საზოგადოებაში ძალიან რეიტინგულია, რაც მედიის ცდუნებას იწვევს, რომ ძალადობის ფაქტები მაქსიმალურად შიშვლად გააშუქონ. პრობლემას წარმოადგენს მოძალადეთა საქციელის რომანტიზება, სიმბოლიზება და შემდეგ მიბაძვა. პრობლემაა ისიც, რომ მედია მოძალადის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლებას ეძებს. ნამდვილად სჭირდება ძალა ნდობას, ამ ქვეყანაში ჩაკეტილია საზოგადოება და მნიშვნელოვანია, ამ ნდობის ხელშემწყობი იყოს მედია.
ჟურნალისტები პრობლემას ძალიან გააზრებულად ხვდებიან, რა თქმა უნდა შეცდომები მოგვდის, მაგრამ მე დავინახე ის, რომ ქართველ ჟურნალისტებს შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. სხვათაშორის შეხვედრა ჩვენი შეცდომების აღიარებით დავიწყეთ და მგონია, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ ყველა ჟურნალისტი ასეთი შემთხვევების გაშუქებისას უფრო დაკვირვებული იქნება. თუ ერთის მხრივ ძალადობა გადამდებია, გადამდებია ოჯახური თანაცხოვრებაც. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ გააშუქოს ისიც, თუ როგორ ცხოვრობენ ოჯახები საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ ხდება მხოლოდ ძალადობა. გადამდებს გავხდით არა ძალადობას, არამედ ტკბილ ოჯახურ თანაცხოვრებას.
როგორია კამერიდან დანახული ძალადობა?
სემინარის ფარგლებში ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, ყველა მათგანს დეტალურად გაეცა პასუხი და როდესაც მედია მეტ ინფორმაციას იღებს, საზოგადოებას უფრო მეტს მიაწვდის.
არსებობს ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც კანონში არ გვხდება, ეს არის ძალადობა მედიის მხრიდან. მედია თითქოსდა ნებაყოფლობით, მაგრამ ნამდვილად იჭრება ყველა ოჯახში. აქ მნიშვნელოვანია რამდენად ენდობა მსხვერპლი მედიას, მედიის მხრიდან მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მსხვერპლთა დაცულობაზე ფიქრი. ძალა სჭირდება ნდობას და ნდობას სწორი გაშუქება მოიტანს.
გადაცემის ჩანაწერი

