
თამრიკო ჭოხონელიძის „ვარსკვლავი“ მცირე ხნის წინ გაიხსნა. მომღერალმა შეკრებილი საზოგადოებისთვის არაერთი სიმღერა შეასრულა, მათ შორის ეკა თევზაძის „სად არ ვიყავ, სად – არა“
„ეს სიმღერა „სად არ ვიყავ, სად – არა” (ლექსი იოსებ ნონეშვილის) ჩემი სავიზიტო ბარათია, დავწერე 21 წლის ასაკში, თქვენ ყველა იცნობთ ამ სიმღერას გოგი დოლიძის შესრულებით, გოგიმ პირველად ეს სიმღერა გააჟღერა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 1993 წელს საახალწლო კონცერტებზე, მას შემდეგ გავიდა 24 წელი და იგივე დარბაზში შესრულდა მეორედ, ქართველი ხალხის საყვარელი მომღერლის თამრიკო ჭოხონელიძის მიერ.
აქვე მინდა, რომ თამრიკო ჭოხონელიძეს მივულოცო ვარსკვლავის გახსნა, და დიდი მადლობა მოვუხადო ამ სიურპრიზისთვის, რაც მოაწყო პირადად ჩემთვის. ახლა, როდესაც ეს კონცერტი გაშუქდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მომეცა საშუალება, რომ კარგად მომესმინა ეს შესრულება, სიმართლე გითხრათ, კონცერტზე ვერ მოვუსმინე ასე კარგად, იმიტომ რომ ისეთმა ემოციებმა მძლია, მთელი სიმღერის განმავლობაში სულ ვტიროდი, ვტიროდი და ვფიქრობდი გოგიზე, რომელსაც არ დასცალდა, თავისი შემოქმედებითი საღამო გაემართა ამ დარბაზში და საკუთარ რეპერტუართან ერთად, ეს სიმღერაც აეჟღერებინა ცოცხალი ორკესტრის თანხლებით.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდი მადლობა თამრიკოს და მის ქალიშვილს, მარიამ როინიშვილს, ასეთი თბილი და გულში ჩამწვდომი შესრულებითვის და აგრეთვე არ შემიძლია მადლობელი არ ვიყო ნიკა ნიკვაშვილის, რომელიც ასეთი სიფაქიზით მოეკიდა ამ სიმღერას და ასეთი ვერსია შემოგვთავაზა“ – აღნიშნავს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში კომპოზიტორი.

