როდიდან ესტუმრებიან საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ქვეყნებს ვიზის გარეშე?
პროცედურების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შესახებ დღევანდელი გადაწყვეტილება ახლა უკვე ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგი ნაბიჯი გადაწყვეტილების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებაა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ, ვიზალიბერალიზაცია, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად, ძალაში შედის.
ე.წ. შეჩერების მექანიზმის კენჭისყრა კი 13-16 თებერვალს არის დაგეგმილი, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალაში სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.
რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, უვიზო მიმოსვლის შესახებ?
საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ, უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანებში მოკლევადიანი ვიზიტით, ვიზის გარეშე გამგაზავრებას შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი კი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით), ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. უვიზოდ მიმოსვლა არ გულისხმობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამუშაოდ, საცხოვრებლად ან ხანგრძლივი დროით სასწავლებლად დარჩენას. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა იყოს: ტურიზმი, ოჯახის წევრების, ახლობლების, ნათესავების მონახულება; სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; კულტურულ, სამეცნიერო ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ან სტაჟირება; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
90 დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა არალეგალურად ჩაითვლება, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით აეკრძალება.
უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს, საბოლოო გადაწყვეტილება კი შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, სასაზღვრო სამსახური მიიღებს.
შენგენის ზონის ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად, საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2) დასაბრუნებელი ბილეთი.
3) სამოგზაურო დაზღვევა
4) სასტუმროს ჯავშანი.
უვიზო მიმოსვლა ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება შემდეგ შემთხვევებში
1) შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა;
2) თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებების რაოდენობის ზრდა;
3) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი და უსაფრთხოების კუთხით შექმნილი საფრთხე, რომელიც უკავშირდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს;
4) რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შესაძლოა მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევას ან ბოროტად გამოყენებას.

