LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიან დღეს ყველაზე ცნობილი ბავშვები: პატარები, რომლებმაც დაუვიწყარი კინო შექმნეს (ნაწილი III)

ფილმები ბავშვების მონაწილეობით, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევენ მაყურებელში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან უფროსი და გამოცდილი კოლეგების ფონზე მათი არაპროფესიონალური თამაში ბევრად გულწრფელი და ბუნებრივია. თუმცა, პატარა ვარსკვლავები იზრდებიან, ზოგისთვის კინო ბავშვურ გართობად რჩება, ზოგი კი, პირველ გამოცდილებას წარმატებულ კარიერად აგრძელებს.

საუკეთესო საბავშვო დრამატული როლები

ერთი შეხედვით, ფილმები ბავშვების მონაწილეობით მხიარულ და აუცილებლად პოზიტიურ განწყობას უნდა ქმნიდნენ, თუმცა ხშირად, პატარა მსახიობებს ისეთ როლებს ანდობენ, რომელთა შესრულება უფროსებსაც გაუჭირდებოდათ.

 

რობერტ ბენტონმა თავის სოციალურ დრამაში “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” მერილ სტრიპის და დასტინ ჰოფმანის შემდეგ, 8 წლის ჯასტინ ჰენრი მიიწვია, რომელმაც “ოსკარის” ნომინაცია დაიმსახურა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში და ტელეკომპანია VH1-ის “100 საუკეთესო მსახიობი ბავშვის” ნუსხაში მე-80 პოზიციით მოხვდა.

https://www.youtube.com/watch?v=3SP9n13ux1I

1980-იან წლებში მოზარდი რამდენიმე ნაკლებად მნიშველოვან პროექტში გამოჩნდა, 1993 წელს სკიდმორის უნივერსიტეტი დაამთავრა, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით და ეპიზოდური როლები შეასრულა სერიალებში “სასწრაფო დახმარება” და “ახალგაზრდა მცველები”. რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრი კინოფესტივალის Slamdunk Film Festival ერთ-ერთი დააფუძნებელი გახდა, მოგვიანებით კი, ელექტრონულ მედიით დაინტერესდა, 2009 წელს საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია შექმნა და კომპანია Veoh-ს ჩაუდგა სათავეში.

 

ფრანკო ძეფირელის დამსახურებაა 9 წლის რიკი შროდერის ბრწყინვალე თამაში ფილმში “ჩემპიონი” და “ოქროს გლობუსის” პრემია “საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში.

https://www.youtube.com/watch?v=qSTaxV3v5vY

წარმატებული სტარტის შემდეგ რიკიმ ჯერ ელიოტ გულდს გაუწია პარტნიორობა ფილმში “ნოეს კიდობნის ბოლო ფრენა”, მერე კი, მთავარი როლი შეასრულა ბრიტანულ ისტორიულ დრამაში “პატარა ლორდი ფაუნტლეროი”. სკოლის დასრულების შემდეგ, შროდერმა ამპლუა შეიცვალა და სერიოზულად შეუდგა სამსახიობო ოსტატობის შესწავლას, თუმცა, ძალიან მალე რეჟისორობამ გაიტაცა და რამდენიმე საინტერესო ფილმიც გადაიღო. 2004 წელს ეკრანებზე შროდერის დრამა “შავი ღრუბელი” გამოვიდა, რომლის სცენარიც თავად დაწერა, 2005-ში CMT Music Awards-ის პრემია მიიღო “წლის საუკეთესო რეჟისორის” ნომინაციაში კომპოზიციის Whiskey Lullaby კლიპისთვის, 2009 წელს კი, მაყურებელმა მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – სათავგადასავლო საშინელებათა ფილმი “ჯოჯოხეთის მაძებარი ძაღლები” იხილა.

 

მარიამ ცომაია