LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიან დღეს ყველაზე ცნობილი ბავშვები: პატარები, რომლებმაც დაუვიწყარი კინო შექმნეს (ნაწილი IV)

ფილმები ბავშვების მონაწილეობით, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევენ მაყურებელში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან უფროსი და გამოცდილი კოლეგების ფონზე მათი არაპროფესიონალური თამაში ბევრად გულწრფელი და ბუნებრივია. თუმცა, პატარა ვარსკვლავები იზრდებიან, ზოგისთვის კინო ბავშვურ გართობად რჩება, ზოგი კი, პირველ გამოცდილებას წარმატებულ კარიერად აგრძელებს.

 

ქართული კინოს მოზარდი ვარსკვლავები

ქართულ კინო, რომელმაც გასული საუკუნის 50-იანი წლებში მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა, არც ვარსკვლავების სიმცირეს განიცდიდა, არც პატარა ნიჭიერი მსახიობები აკლდა არასდროს.

 

დღეს უკვე ცნობილი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი პირველად ეკრანზე 10 წლის ასაკში გამოჩნდა და ფილმში “მანანა” ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოზარდის სახე შექმნა.

 

https://www.youtube.com/watch?v=dwmU1Ka0zRQ

წარმატებული დებიუტის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობმა რამდენიმეწლიანი პაუზა აიღო, ეკრანს მხოლოდ თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა და უამრავი საინტერესო როლი შექმნა კარიერის განმავლობაში.

 

პატარა გოგონების ბრწყინვალე დუეტი შექმნა გიორგი შენგელაიამ, როცა მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები” ია ნინიძე და მაია კანკავა მიიწვია. 11 წლის ასაკში მიღებული გამოცდილება, მაიამ კიდევ რამდენიმე ფილმში, მათ შორის “უფროსი და” და “ქვიშანი დარჩებიან” გამოიყენა, საბოლოოდ კი, კინოს მაინც მუსიკა და ფერწერა ამჯობინა. 13 წლის ია ნინიძე “ვერის უბნის მელოდიების” გადაღებებზე, გიორგი დანელიას კომედიაში “არ დაირდო” მიღებული გამოცდილებით მივიდა და თავისი სილამაზათ ქართველ მაყურებელთან ერთად უცხოელებიც მოხიბლა. არაჩვეულებრივი არტისტული ნიჭი ქალბატონ იას, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა ოდრი ჰეპბერნსაც კი ადარებდა, ბავშვობაში აღმოაჩნდა, რაც არც რეჟისორებს დარჩათ შეუმჩნეველი და სწორედ მათი წყალობით შექმნა იამ მეტად საინტერესო პერსონაჟები ფილმებში “საჰაერო ხიდი”, “პირველი მერცხალი” და “გასეირნება თბილისში”. 1990-იანი წლების ბოლოს ქალბატონი ია მოსკოვში გადავიდა და ახლა იქ გააგრძელა წარმატებული კარიერა. თუმცა, 2000 წელს სცენაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, როცა რეპეტიციის დროს 300-კილოგრამიანი დეკორაცია დაეცა, იძულებული გახდა დროებით უარი ეთქვა მუშაობაზე. დღეს ქალბატონი ია ისევ მოსკოვშია, ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და აქტიურად მონაწილეობს კონკურსებსა და ფესტვალებში, ფილმებისა და ტელესერიალების გადაღებაში.

 

ქართული კინოს კიდევ ერთი ცნობილი დუეტის – 8 წლის მიხო ბორაშვილისა და 6 წლის ნანი ჩიქვინიძის დებიუტი, რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯაში” შედგა და “სხვის შვილებში” გაგრძელდა. მოგვიაანებთ დიდმა რეჟისორებმა პატარა მსახიობები თავის შემდგომ ფილმებშიც მიიწვიეს. ნანი უკვე 13 წლის იყო, როცა თენგიზ აბულაძის ფილმში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მოსწავლის როლი შეასრულა, მიხო კი, 22-ის, როცა რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი “ღიმილის ბიჭი” გახდა. ბავშვობაში დაწყებული კინოკარიერა ქალბატონმა ნანიმ თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ფილმებში, სპექტაკლებსა და სატელევიზიო დადგმებში გააგრძელა. ბატონი როლანდი (მიხო) კი, დოკუმენტალისტიკამ გაიტაცა და არაერთი საინტერესო ფილმი შექმნა.

მოკლემეტრაჟიან ფილმში “ნერგები”, 10 წლის მიშა მესხი პარტნიორობას თავად რამაზ ჩხიკვაძეს უწევდა. მიუხედავად ამისა, მიშა მესხმა უმცროსმა კინოკარიერას ისევ ფეხბურთი ამჯობინა და მამამისის (დიდი მიშა მესხი) კვალს გაყვა. უმცროსი მესხი ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მან თბილისის “დინამოშიც” ითამაშა (97 მატჩი, 18 გოლი). ერთი ხანობა კი მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა. სამწუხაროდ, მან და მისმა თაობამ ბოლომდე ვერ გამოავლინა შესაძლებლობები. უმცროსი მიშა მესხი 2003 წელს გარდაიცვალა.

 

 

8 წლის ნანა ქვათალაძე შემთხვევით აღმოჩნდა ნანა მჭედლიძის კომედიის “იმერული ესკიზები” გადასაღებ მოედანზე. თუმცა, რეჟისორი ისე მოიხიბლა ცელქი ჟღალთმიან გოგონას ბუნებრივი არტისტიზმით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ ერთ ფილმში “უკვდავების თეთრი ვარდი” შესთავაზა თანამშრომლობა. საინტერესო გამოცდილების მიუხედავად, ქალბატონმა ნანამ არ მოისურვა მსახიობის კარიერის გაგრძელება, ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და აღარასდროს უფიქრია კინოში დაბრუნებაზე.

 

მართალია, “არაჩვეულებრივი გამოფენის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა, მაგრამ ფილმის ყველაზე პატარა პერსონაჟი აკიმი – ჯაბა წულაძის შესრულებით, დღემდე რჩება მოუსვენარი და ცელქი ბავშვის სიმბოლოდ. პატარა ჯაბა ელდარ შენგელაიას ფილმში მონაწილეობას ტკბილელის სანაცვლოდ დაითანხმა და არც შემცდარა, 6 წლის ბიჭუნამ ადვილად მოირგო როლი და პრაქტიკულად სრული იმპროვიზაციით შექმნა მართლაც მშვენიერი პერსონაჟი. მოგვაინებით, ჯაბამ რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა, თუმცა სერიზულ კინოკარიერაზე არასდროს უფიქრია. 1970-იანი წლების ბოლოს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც თითქმის 10 წელი გაატარა და ისევ საქართველოში დაბრუნდა. დღეს ბატონ ჯაბას ცოლ-შვილი ჰყავს და თბილისში ცხოვრობა.

 

მარიამ ცომაია