გადაცემა After-ის სტუმრები ქართველი დიჯეი-გოგონები, სალომე და დალი იყვნენ, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრეს.
– პირველ რიგში მაინტერესებს, აქამდე რადიოში თუ დაგიკრავთ?
– არა, აქამდე რადიოში არსად არ დაგვიკრავს.
– რატომ ელექტრონული მუსიკა და დიჯეინგი… საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
სალომე: ყველაფერი დაიწყო ძალიან მარტივად, კონკრეტულად ერთ დღეში არ გადამიწყვეტია, თავისთავად მოვიდა, დავიწყე კლუბებში სიარული, გართობა და მერე უკვე ვიფიქრე, რომ რატომაც არ უნდა მეკეთებინა მეც მუსიკა. ნელ-ნელა დავფიქრდი ამ ყველაფერზე და მივედი კონკრეტულად გადაწყვეტილებამდე.
– რომელ ჟანრს უსმენდი თავდაპირველად?
– თავიდან ვუსმენდი ძალიან მძიმე ტექნოს.
– სად დადიხარ გასართობად?
– „გალერი“, „მტკვარი“, „ბასიანი“ – სამივე ერთნაირად მიყვარს.
– როდის მიხვდი, რომ გინდოდა დაკვრა და არა მარტო მოსმენა?
– ერთხელაც ვიფიქრე, რომ როდესაც ვარ საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკის მსმენელი, რატომ არ შეიძლებოდა თავადაც შემექმნა რამე. მეგობრების აზრიც გავითვალისწინე და დიჯეობა დავიწყე.
– სად დაგიკრავს?
– Gem Fest-ზე დავუკარი, კიდევ სხვადასხვა ღონისძიებებზე.
– რაც შეეხება დალის, როგორც ვიცით უფრო დიდი ხნის გამოცდილება გაქვს…
დალი: არც ისე, 2 წელია დაახლოებით, რაც დაკვრა დავიწყე. მანამდე უბრალოდ კარგი მსმენელი ვიყავი. მომწონდა კლუბური მუსიკა, მაგრამ იქ სიარული ვერ წარმომედგინა. მალევე შეიცვალა ეს დამოკიდებულება.
– დიჯეობა ვინ გასწავლა?
– ბევრმა შეიტანა ამაში წვლილი, მეგობარმა, რომელსაც ჩემი მუსიკა მოსწონდა, გამომიწერა აპარატურა და ჩემი სახლის სახურავზე ვაწყობდით ღონისძიებებს.
– როგორც ვიცი, პროდაქშენითაც ხარ დაკავებული…
– კი, ჯერ დიჯეობა დავიწყე და მერე გადავერთე პროდაქშენზე.
– რა ჟანრში მუშაობ?
– ძირითადად ტექნოში.
– რატომ გადაწყვიტეთ დუეტში მუშაობა და რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
სალომე: დაახლოებით ნახევარი წელია. ვცადეთ ერთად დაკვრა, გვაინტერესებდა რა გამოვიდოდა და მოგვეწონა. მეგობრების გარემოცვაში შედგა პრეზენტაცია და მოგვიწონეს, ამიტომ გავაგრძელეთ თანამშრომლობა.
– სახელის დარქმევა არ გიფიქრიათ თქვენი პროექტისთვის?
– არა, რადგან ჩვენ ცალკეც ვუკრავთ და ერთადაც. თუ გადავწყვეტთ მუდმივად თანამშრომლობას, ალბათ რამეს მოვიფიქრებთ.
– როგორია თქვენი უახლოესი გეგმები და სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
– უკვე ვიცით, რომ Gem Fest-ის ლაინ-აპში ვართ, ფესტივალის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ შორის ჩვენი გამოსვლის თარიღი, მაგრამ რომ გამოვდივართ, ვიცით. რაც შეეხება გასვლით დეითებს, ბაქოში ვუკრავთ ერთ თვეში, მანამდე არაფერი დაგეგმილი არ გავქვს.
– ზაფხულში Gem Fest-ის გარდა სხვაგან თუ უკრავთ?
– კი, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს ჩვენი მოსმენა შესაძლებელი იქნება.
– წარმატებებს გისურვებთ.
შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივ–სეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
