ჟენევის მოტორ შოუზე Suzuki-მ ახალი Swift წარადგინა, რომელიც პოპულარულ წინამორბედზე დიდი, მსუბუქი, მძლავრი და პრაქტიკულია. რაც მთავარია, ამიერიდან ის ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, Ford fiesta–ს უშუალო კონკურენტი გახდა.
ახალი Swift დიზაინი, წინას ევოლუციური ვარიანტია. ის რადიატორის უფრო მოზრდილი ცხაურითა და დახვეწილი, დეტალიზებული წინა ფარებით გამოირჩევა. ახალი ჰეჩბეკი 15 მილიმეტრით დაბალია, მაგრამ იაპონური კომპანია გვარწმუნებს, რომ სავარძლების უფრო დაბლა განლაგებით, თავს ზემოთ სივრცე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
ახალი Swift, სრულიად ახალ პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც კომპანიაში „ჰეარტეკი“ უწოდეს. ავტომობილი წინამორბედზე 10 მილიმეტრით მოკლეა, თუმცა ბორბლებს შორის ბაზა 20 მილიმეტრით არის გაზრდილი. ამასთან, Swift 40 მილიმეტრით გაგანიერდა. ამგვარად, კაბინაში სივრცე დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა. ამავდროულად, 200-დან 254 ლიტრამდე არის გაზრდილი საბარგულის მოცულობა. გაადვილებულია სალონში შეღწევაც, რაც უფრო დიდი ზომის უკანა კარის დამსახურებაა.
Suzuki-ს ძრავების გამაში ბენზინის ორი და ერთიც ბენზინ-ჰიბრიდული აგრეგატი შევიდა. ტრანსმისია ორია – 5-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
ახალი Suzuki Swift-ის გაყიდვები 1 ივნისს დაიწყება. მოგვიანებით კი მას საქართველოშიც ვიხილავთ.
