საქართველოში პირველად ველოსიპედების წარმოება იწყება.
პირველი ქართული ველოსიპედებით, რა თქმა უნდა ავტოდილერი დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა პროექტი კომპანია Georgian Bicycle Group ახორციელებს.
კომპანიის დამფუძნებელის ბექა კიკნაველიძის განცხადებით, ახალი ქართული პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში 2018 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. ამასთან, ქართული ველოსიპედის გაყიდვები ადგილობრივი ბაზრის გარდა, უცხოეთშიც განხორციელდება. საექსპორტო ბაზრებად სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი მოიაზრება.
ამჟამად პროექტზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
სატესტო რეჟიმში უკვე რამდენიმე ველოსიპედია დამზადებული. სერიული წარმოება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რაც შეეხება დეტალებს, რომლითაც ველოსიპედი აეწყობა, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ისინი იაპონიიდან, გერმანიიდან, ტაივანიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ. დიზაინი კი საქართველოში იქმნება და ველოსიპედებიც აქვე დამზადდება.
კომპანია საწყის ეტაპზე ქალაქის, შემდეგ კი სამთო ველოსიპედებსაც დაამზადებს.
თბილისის მასშტაბით ველობილიკების მოწყობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როდესაც ველობილიკების მოწყობა დასრულდება, ამ დროისთვის უკვე ქართული ველოსიპედებიც გვექნება.
საცობების განტვირთვის მიზნით კი ხანდახან ან ხშირად ავტომობილიდან ველოსიპედზე გადასვლა საკმაოდ კარგი გამოსავალია.
