
ეთნოჯაზის შემსრულებელი, დავით შანიძე 6 მაისს, „ივენთ ჰოლში“ სოლოკონცერტს გამართავს. მზადება უკვე დაწყებულია. როგორც მუსიკოსმა „არ დაიდარდოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მისულ სტუმრებს საკმაოდ საინტერესოდ დახვდებიან.
დავით შანი (შანიძე):
განწყობა ძალიან კარგია, ვემზადებით. ბევრი რამ იქნება ახალი. პირველ რიგში ის, რომ საქართველოში ეთნოჯაზის მიმართულებით სოლოშემსრულებლის პროექტი ჯერ არ ყოფილა. როცა „შინ“-სა და „ეგარი“-ში ვიყავი, ეს სოლოდ არ მიიჩნეოდა.
კონცერტის გაკეთებაში ივენთკომპანია მეხმარება და ისინი მოსული სტუმრებისთვის განსაკუთრებული დახვედრის სახით სიურპრიზს ამზადებენ.
ღონისძიება საათსა და 40 წუთს გაგრძელდება. შესრულდება 12 კომპოზიცია, აქედან ათი ჩემი დაწერილია, ერთი იოსებ კეჭაყმაძის „ქუთაისურის“ ჩემი ვერსიაა, მეორე კი გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტოს“ ასევე ჩემი ინტერპრეტაცია.
სცენაზე ჩემთან ერთად იქნება ჯაზბენდი სრული შემადგენლობით, „კანოდოსი“, რასაკვირველია, კომპოზიციებში გამოყენებულია ქართული მუსიკალური ინსტრუმენტებიც, მათ შორის ფანდური, ჭიანური და ა.შ.
კონცერტი 6 მაისს, „ივენთ ჰოლში“ შედგება. დასაწყისი 20 საათზე.
კონცერტის მხარდამჭერია რადიო „არ დაიდარდო“.
ნინო მურღულია

