კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან 17 დღეში „ფორსაჟმა“ მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა -სწორედ ეს დრო დასჭირდა ფილმის წინა, მე-7 ნაწილსაც აღნიშნული მაჩვენებლის მოსაპოვებლად.
„მილიარდერთა“ კლუბში ფილმი რიგით 30-ეა, სტუდია Universal-ის ნამუშევრებს შორის კი – მეოთხე. (დანარჩენი ფილმებია „ფორსაჟი 7“, „მინიონები“ და „იურული პერიოდის სამყარო“). ამას გარდა, მერვე „ფორსაჟი“ პირველი ჰოლივუდური „მილიარდერი“ ფილმია, რომელსაც აფროამერიკელი რეჟისორი ჰყავს.
ამ მომენტისთვის, ფილმის საშინაო კინოგაქირავება 193 მილიონ დოლარს უტოლდება, საზღვარგარეთის – 868 მილიონს. განსაკუთრებული პოპულარობით ფილმი ჩინეთში სარგებლობს, სადაც პროექტმა 361 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური ფილმის ტიტულიც მოიპოვა. აქამდე ამ წოდებას „ფორსაჟი 7“ ფლობდა.
