LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა რთულდება

არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გართულდება.  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.

ნომერ პირველი პრობლემა და ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული თამაშების პრობლემას. რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება ჯერჯერობით უცნობია. „მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ“, – აცხადებენ მმართველ გუნდში.

ონლაინ-კაზინოების მკაცრ, რეგულაციურ ჩარჩოებში მოქცევის მომხრეა უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

„დღევანდელი რეალობა ასეთია – ნებისმიერ არასრულწლოვანს, ვისაც რაღაც საშუალებით  სხვა ადამიანის პირადობის მოწმობა აქვს, მაგალითად 14 წლის ბავშვს, რომელმაც მოახერხა   უფროსი ადამიანის პირადობის მოწმობის ნომრის გაგება, შეუძლია დარეგისტრირდეს, დაიწყოს თამაში, თანხა შეიტანოს paybox-დან… რეკლამაც შეუზღუდავია და კომპანიების მხრიდან მარკეტინგი – დაურეგულირებელი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სოციალურ ქსელში „ამოხტება“ ფანჯარა, რომელიც ამ ადამიანებს სთავაზობს სერვისს,  პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეიზღუდოს ხელმისაწვდომობა და არ იყოს ასე მარტივი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.