LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების მშობლები შვილების გვამების ექსჰუმაციას ითხოვენ

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები ცხედრების ექსჰუმაციას მოითხოვენ. თორნიკე ხვიჩიას მამა, ელგუჯა ხვიჩია ამბობს, რომ თუ გამოძიება ხელახლა არ დაიწყება, პროკურატურასთან შიმშილს დაიწყებენ.

გარდაცვლილი ბავშვების მშობლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ფიქრობენ, რომ სასტუმროს მფლობელი, ზაზა (ჯემალ) ართმელიძე თვითმკვლელობამდე პროკურატურამ მიიყვანა.

„ძალიან არადამაჯერებელია ჩვენთვის ამ ადამიანის თვითმკვლელობა. ადამიანმა თითქმის მილიონ-ნახევრიანი ქონება დაკარგა, 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაატყდეს ადამიანს? რატომ მაშინ არ მოიკლა თავი? იძლებული გახადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“, – აცხადებენ მშობლები და ამბობენ, რომ პროკურატურის წარმომადგენლები ართმელიძეს მშობლებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველები ხელს აფარებენ პედაგოგებს, ვინც ბავშვების მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს.

გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უნდობლობას უცხადებენ აჭარის პროკურატურას და სასამართლოს და აცხადებენ, რომ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, რა დაემართა მათ შვილებს, ნამდვილად დაიღუპნენ თუ არა ხანძრის შედეგად.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.