აფგან მუხთარლის ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა. არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ.
ისინი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო.
არასამთავრობოების ინფორმაციით, მუხთარლის გატაცების შემდეგ მანქანა ორჯე გამოიცვალეს, მესამე მანქანაში კი, როგორც ჟურნალისტმა ადვოკატებს განუცხადა, აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს,“ – აცხადებენ არასამთავრობოები.
აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას ისინი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგაც აგრძელებდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და ჟურნალისტურ, აქტივისტურ ან პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებენ საქართვეოლოში, საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული პრაქტიკა აჩენეს ეჭვებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობაზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან,“ – წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათივე თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადებების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცემს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხლეისუფლების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობასა ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ :
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)
Human Rights House Foundation – ადამიანია უფლებათა სახლების ფონდი (ნორვეგია)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
