სამშენებლო კომპანიების ნაწილი მშენებლობის დროს სეისმოლოგიის კუთხით უსაფრთხოების ნორმებს არ ითვალისწინებს. ახალი კორპუსების ნაწილი ძველი რუკის მიხედვით შენდება, შესაბამისად, მშენებლობის დროს გამოყენებულია წლებისწინანდელი მეთოდოლოგია. შესაძლოა, მშენებარე კორპუსი სეისმურად მდგრადი არ იყოს, რაც მიწისძვრის დროს საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს. სეისმური უსაფრთხოება კი სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, ყველა სამშენებლო კომპანია მშენებლობაზე ნებართვის მიღებამდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, როგორც გეოლოგიური, ისე კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასებას წარუდგენს, თუმცა, რეალურია ეს შეფასება თუ ერთი უბრალო ფარატინა ქაღალდია, ეს ცალკე განხილვის საგანია.
რომელ უბნებში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები
მშენებლობის კუთხით საკანონმდებლო ბაზაში ხარვეზებია – სამშენებლო ბიზნესის მონიტორინგი არ ხდება. „დედამიწის შემსწავლელი კომისიის“ დირექტორი, თეა გოდოლაძე, აღნიშნავს, რომ მეტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მშენებლობისთვის საჭირო რუკები თანამედროვე სტანდარტებით ყველა 5 წელიწადში შეიცვალოს, მოხდეს გეოტექნიკური ინჟინრების სერტიფიცირება და, ზოგადად, სამშენებლო ნორმები გადაიხედოს და თანამედროვეობას აუწყოს ფეხი.
„ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეები. საჭიროა მშენებლობის კუთხით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. სამშენებლო ნორმების გადახალისება უნდა მოხდეს. ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, რომელი კორპუსია სეისმოლოგიური კუთხით უსაფრთხო,“ – ამბობს გოდოლაძე.
მშენებარე კორპუსების სეისმოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა პრობლემა ნამდვილად არსებობს. თეა გოდოლაძე განსაკუთრებით პრობლემურ უბანს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ სეისმური მდგრადობის ნორმები დაცული არ არის.
„ჩვენ ვერ დავხატავთ აპოკალიფსურ სურათს, მაგრამ გვაქვს პრობლემური უბნები, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მაგალითად, წყნეთის ქუჩა, სადაც სამშენებლო კომპანიების ნაწილი არ ითვალისწინებს სეისმური მდგრადობის ნორმებს,“ – აღნიშნავს გოდოლაძე.
ვინ აგებს პასუხს მშენებარე კორპუსების სეისმური მდგრადობის ნორმებზე
თბილისში დღესდღეობით უამრავი სამშენებლო კომპანია და მშენებარე კორპუსია. თითოეული კომპანია ვალდებულია, მშენებლობის პროცესის დაწყებამდე თბილისის მერიას მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართოს და თან, როგორც გეოლოგიური, ისე კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასება წარუდგინოს. აქ კი პატარა ლაფსუსს ვხვდებით – საბუთი წარდგენილია, მაგრამ უცნობია, რამდენად სანდოა ეს საბუთი.
საბუთის სანდოობის შემოწმება თბილისის მერიის კომპეტენციაში არ შედის. როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, მერია საბუთს ითხოვს, შესაბამისი საბუთის მიღების შემდეგ კი ნებართვას გასცემს, გადამოწმება მათი ვალდებულება არ არის.
„ჩვენთან შემოდის დასკვნა, სადაც ექსპერტი მსჯელობს, რომ სამშენებლო სტანდარტები დაცულია. ამას ვხელმძღვანელობთ ჩვენ და იმიტომ ვითხოვთ ექსპერტის დასკვნას, რომ მას უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვს და ეს სხვამ ვინ უნდა შეამოწმოს,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ საბუთის სანდოობა შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს და მისი გადამოწმება აუცილებელია. თეა გოდოლაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საბუთი სანდო სულაც არ არის.
„შესაძლებელია, ამა თუ იმ პირმა შექმნას შპს, რომელიც დაწერს საექსპერტო დასკვნას, დაადებს ბეჭედს, მერია ჩაიბარებს. საბუთის სანდოობა დგას ეჭვქვეშ. ყველა შავი ხვრელის გამოყენება შეიძლება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გოდოლაძე.
უცნობია, ვის კომპეტენციაში შედის თბილისის მერიაში სამშენებლო კომპანიების მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის გადამოწმება.
გვანცა ბზიავა
