„მექსიკის მთავრობა აშშ-თან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებს, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს“, – ამის შესახებ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.
„მექსიკის მთავრობა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ აშშ-თან საზღვრის გასწვრივ ჩვენი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებს კედლის ან სხვა ფიზიკური ბარიერის მშენებლობას. ამგვარი პოზიცია მოლაპარაკებებზე არა მექსიკის სტრატეგიას, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების პრინციპს პასუხობს“, – ნათქვამია მექსიკის საგარეო უწყების განცხადებაში.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას უწოდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც კრიმინალის დონე ძალიან მაღალია და განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობაა საჭირო.
