საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მის დაბრუნებამდე პროვოკაციებს ამზადებს.
„ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში „ფე–ეს–ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება, გარდა ამისა, პოლონეთის ხელისუფლებაზეც წნეხს ახდენს.
„ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა, მომცენ შესაძლებლობა, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე, შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და, თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო,” – დასძინა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრის, ოლგა გალაბალას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში უკანონოდ შეჭრას არ აპირებს, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.
ოლგა გალაბალას განცხადებით, ის ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ პროვოკატორთა ჯგუფი მზადდება, რათა საზღვარზე ჩხუბი მოაწყონ.
