LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან მუმლაძის შემოქმედებითი საღამო 6 ოქტომბერს გაიმართება

Ardaidardo.Ge

რუსუდან მუმლაძის შემოქმედებითი საღამო 6 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, „გარდენ ჰოლში“ იგეგმება. მუსიკალური ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იქნება. ბილეთების შეძენა ფილარმონიის სალაროებსა და საიტზე tkt.ge უკვე შეგიძლიათ.

 

„არ დაიდარდო“ მუსიკოსს მომავალ კონცერტზე ესაუბრა.

 

რუსუდან მუმლაძე:

 

კონცერტი ტარდება „გარდენ ჰოლში“, ეს გახლავთ მულტიფუნქციური დარბაზი, რომელიც ილიას ბაღში მდებარეობს. მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, მუსიკას უკავშირდება. მინდოდა, შემაჯამებელი საღამო გამეკეთებინა. გადავწყვიტე, რომ კონცერტი საქველმოქმედო ყოფილიყო. სულ მინდოდა, რომ ჩემი შემოქმედებით ქველმოქმედებაში ჩემი წვლილი შემეტანა და ეს ოცნებაც ავისრულე. ამ იდეას საფუძვლად დაედო ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „ერთმანეთის გულები სიყვარულით ავავსოთ“ და ის შშმ პირებს მივუძღვენი. ის ერთი წლის წინ ჩავწერე, მაგრამ მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ თუკი კონცერტს გავაკეთებდი, სწორედ ამ ადამიანების დასახმარებლად მიმემართა შემოსული თანხა. ვიპოვე უსინათლო გოგონათა ძალიან კარგი კვარტეტი – „ედელვაისი“, რომელიც ჩემთან ერთად შეასრულებს ამ სიმღერას.

 

ცნობილი გიტარისტი, ტარიელ სუარი ჩავრთე ამ ერთგვარი მუსიკალურ ექსპერიმენტში. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსია, ასევე გახლავთ უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ამ თემამ გაგვაერთიანა და კარგი ექსპერიმენტი გამოგვივა, ტარიელი არ მოღვაწეობს კლასიკის გარდა, სხვა ჟანრში და ეს იყო გამონაკლისი, რომელიც ამ ღონისძიებისთვის დაუშვა.

რაც შეეხება რეპერტუარს…

 

შესრულდება ჩემი სიმღერები, მათ შორის რამდენიმე ჩემსავე ტექსტზე. მთელი კონცერტი არის ცოცხალი შესრულებით. ვიმღერებ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ვაჟა აზარაშვილის, ჯუმბერ ჯანდიერის, რომა რცხილაძის სიმღერებს. სხვათა შორის, რომა თავად გამიწევს აკომპანირებას. გაკეთდა ძალიან კარგი არანჟირებები, რომლებიც ზურაბ ლალიაშვილს ეკუთვნის, მისი სიმღერაც შესრულდება – „ჩიორა“, რომელიც აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაციით ჩავწერე. ერთ-ერთ სიმღერაში პანტომიმის თეატრის მსახიობები დამიმშვენებენ გვერდს.

 

თქვენი შემოქმედებითი საღამო ადრე თუ გამართულა?

 

საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. გამიწყდა კონტაქტი ფართო მსმენელთან. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები და ალბათ, ასე იყო საჭირო. თუმცა, ბავშვობიდან მოყოლებული, დავდექი ფილარმონიის სცენაზე, ქალბატონმა ეთერ ჭელიძემ აღმომაჩინა პიონერთა სასახლეში და მისი საბავშვო სიმღერების ფაქტობრივად, ერთადერთი შემსრულებელი ვიყავი. შემდეგ, 7 წლის ასაკში მოვხვდი საპატრიარქოში, სრულიად შემთხვევით და პატრიარქმა დედას სთხოვა, რომ ჩემთვის ესწავლებინათ საგალობლები და მეგალობა კვირაობით მისი ქადაგებების შემდეგ. ასე გრძელდებოდა შვიდი წელიწადი და ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. შემდეგ გავაგრძელე მუსიკალური გზით სვლა, დავამთავრე კონსერვატორია, მუსიკასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, უბრალოდ, არის პომპეზური და მშვიდი პერიოდები. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – ამდენი წლის დაგროვილი სიყვარული მუსიკისადმი გულმა ვერ დაიტია და დავუბრუნდი ჩემს მუსიკალურ კარიერას, 6 ოქტომბერს კი ჩემი შემოქმედების ერთგვარი შეჯამება იქნება.

 

ნინო მურღულია

 

 

Ardaidardo.Ge