LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაციონალური მოძრაობის აქცია დაიწყო – რა ხდება რუსთაველზე (ფოტო+ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მსვლელობა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები თაბორის მთაზე, ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის გადაცემას გააპროტესტებენ.

თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიტყვითაც გამოვლენ.

როგორც ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მშვიდობიანი, ძალიან ხმამაღალი და მრავალრიცხოვანი აქციაა, იმისთვის, რომ თბილისმა წართმეული ტერიტორიები დაიბრუნოს.

“ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. თბილისი აუცილებლად დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც საკრებულომ ივანიშვილს დაუკანონა. ვიბრძოლებთ ბოლომდე და მივაწვდენთ ხმას ყველას, ვისთანაც საჭიროა, რომ თბილისი არ დათმობს მის კუთვნილ ტერიტორიებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.