LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის ახალ ცვლილებებზე მუშაობა იწყება – პროექტის ინიცირება დღეს მოხდება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდება. საუბარია პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. „ბონუსების“ სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.