LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება – რა დარღვევები ფიქსირდება დილიდან?

დღეს ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას.

12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის და თვითმმართველი თემების – ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე.

ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 328 272 რეგისტრირებული ამომრჩეველია.

უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა, რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა – ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.

ამ დროისთვის ”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა: – #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა; #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე, შემოხაზა.

მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა: – #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: – #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება: – #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო.