ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, – ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
