
გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმრები მუსიკოსები – მიშა წითელაშვილი და მახო რეხვიაშვილი იყვნენ.
როგორ განწყობაზე ხართ?
მშვენიერ განწყობაზე ვართ. მოგვიანებით ვულოცავ თქვენს მსმენელს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მიშა, ვისაუბროთ იმ ანსამბლებზე, რომლებთანაც გითანამშრომლიათ…
ჩემი მოღვაწეობა ქართულ ფოლკლორში 6 წლიდან დაიწყო, ჩემი მშობლების დამსახურებით. 90-იანები ყველას რთულად ახსენდება. თავიდან ვიყავი ანსამბლ „კელაპტარში“.
მუსიკალური ოჯახიდან ხარ?
კი, მშობლებიც მღერიან და ბებიაც მღეროდა. ახლა უკვე შვილებიც მღერიან. 6 წლის შემიყვანეს სალამურზე, თუმცა არა ნიჭის, არამედ ფილტვების პრობლემის გამო. შემდეგ სხვა მიმართულებით წამიყვანეს ჩემმა მშობლებმა, რომლებმაც მუსიკალური ნიჭი დაინახეს ჩემში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნუკრი კელაპტრიშვილს, რომელმაც მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა და დღემდე გვერდში მიდგას.
ამის შემდეგ მივედი „ერისიონში“, სადაც სამი წელი ვიმოღვაწევე. იქ გავიცანი საოცარი პიროვნება, იური გოგოლაური, რომელმაც ხელში ფანდური ამაღებინა. „ერისიონის“ შემდეგ შევხვდი კიდევ ერთ საოცარ პიროვნებას – მაესტრო რობერტ გოგოლაშვილს და ანსამბლ „იმერის“ შემადგენლობაში მოვხვდი, სადაც დღემდე ვარ უკვე 11 წელია. ფაქტობრივად ჩემი მეორე ოჯახია. ასევე ვარ „სნოში“, ესეც ჩემი ოჯახია, სადაც უკვე დავნათესავდით კიდეც. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით ვარ დღეს ის, რაც ვარ.
დღეს სოლო ნამუშევრით ხარ ჩვენი სტუმარი…
ეს ეტაპი ალბათ უფრო დაღვინება-დაბრძენების პროცესია. ჩემს თავს შევეჩეხე და გადავწყვიტე, რომ სოლო ნამუშვარი გამეკეთებინა.
დათო კენჭიაშვილთან ერთად თუ მუშაობ ისევ?
რა თქმა უნდა. დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია და დღემდე ერთად ვართ.
მახო, „გამაში“ რა ხდება?
„გამა“ ჩვეული ტემპით აგრძელებს მუშაობას, მალე მოვიტანთ ახალ მასალას. რაც შეგვეხება ჩემი და მიშას დუეტს, მგონია, რომ კარგი არჩევანია და გაამართლებს. იდეა ორივეს ერთდროულად გვეკუთვნის.
მიშა, როგორც ვიცი პეტერბურგში გიწევს წასვლა…
დიახ, ერთი თვე ვიყავი რუსეთში. იყო კონცერტები, თუმცა ვიწრო წრეებში. ვფიქრობ, რომ მომავალში გავაკეთო საბავშვო სტუდია ემიგრანტებისთვის, სადაც ისინი ქართულ სიმღრას შეისწავლიან.
როდისთვის იგეგმება ეს ყველაფერი?
სამ დღეში მივდივარ და უკვე დაწყებული მაქვს ფართების მოძიება. ჩასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება ამ იდეის განხორციელება.
ვისთან ერთად აკეთებ ამ ყველაფერს?
ჩემი ბავშვობის მეგობართან, გიგა ჭიღლაძესთან და ტატო გოდერძიშვილთან ერთად.
სიმღერა „ტირი, უჩემოდ ტირი“ – როგორ შეიქმნა?
მახო: ეს დიდი ხნის სიმღერაა. გადავწყვიტეთ, რომ სტუდიური სახე მიგვეცა. მოუხდა ჩვენი ხელის შევლება.
მიშა: სიმღერის ავტორი გიორგი გოგოჭურია, ტექსტი ტარიელ ხალხელაურს ეკუთვნის, არანჟირება მახოს და ჩაიწერა „მაქს სტუდიოში“.
სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავ?
ჯერ-ჯერობით არა.
წარმატებებს გისურვებთ.
მიშა წითელაშვილი – ტირი უჩემოდ ტირი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა წითელაშვილი – ფესვები. Live
მიშა წითელაშვილი & მახო რეხვიაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები






