LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.

„ეს სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს. 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი სიმაღლიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა და თავის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. 27 დეკემბერს, ქუთაისში, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 21 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟის სამუშაოებისას ერთი მუშის დაღუპვისა და მეორის დაშავების შესახებ. შსს–ს ცნობით, სამივე  ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება დროულად, სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მსგავს საქმეებზე პრობლემაა გამოძიების გაჭიანურება და მის ფარგლებში რეალური შედეგების მიღწევა. ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების თავიდან აცილება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. დროულად უნდა შეიქმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელსაც დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილება ექნება.”- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით, მას შემდეგ, რაც 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა, ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა. მიმდინარე წლის 1 ივნისს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა ინიცირებიდან 7 თვის თავზე კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში.

სახალხო დამცველი ჩართულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში. ომბუდსმენს კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპული შენიშვნები გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მათი გათვალისწინება მოხდება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.