პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციას ხვალ მიიღებს. შესაძლოა, უმრავლესობის და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული პროექტები გაერთიანდეს და ერთი რეზოლუცია მიიღონ, თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამას საკმარისად არ მიიჩნევს და გარკვეული საკითხების დამატებას ითხოვს. თუმცა, საკითხი ჯერ კიდევ შესათანხმებელია და დიდი ალბათობით, რეზოლუციის მიღების დროც გადაიწევს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი დღის წესრიგში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების და შემდეგ განვითარებული პროცესების გამო გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი (თუ მკვლელობის) ამბავი 22 თებერვალს გახდა ცნობილი, მისი ცხედარი დღემდე არ გადმოუციათ და გადმოცემის ზუსტი თარიღიც კი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მიუხედავდ იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთხელ დასახელდა კონკრეტული დრო, რაც არც ერთხელ არ შესრულდა. ასევე გაურკვეველია, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხი, რომლებიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა ჰქონდა. 
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საკითხმა ბევრი ეჭვი გააჩინა. ამ ეჭვებს კი ცხედრის გადმოცემის საკითხის გაჭიანურება უფრო მეტად ამძაფრებს.
ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ტატუნაშვილის საკითხი ბრიუსელში პოლიტიკური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი თემაც გახდა.
პარლამენტის რეზოლუცია
იმის გამო, რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და ამას ემატება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგადად არსებული ვითარება, რომელსაც ვერც ქართული მხარე აკონტროლებს და არც საერთაშორისო მონიტორებს არა აქვთ ამის შესაძლებლობა დღემდე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. საკითხის პოლიტიკური ასპექტი კი სულ უფრო ძლიერდება. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას საყვედურობს არასათანადო პოლიტიკურ რეაგირებას და განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე.
პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების აუცილებლობის შესახებ პირველი განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე დღესვე უკვე მმართველმა გუნდმა დააანონსა, რომ პარლამენტი რეზოლუციის ტექსტზე იწყებდა მუშაობას და ოპოზიციას ჩართვისკენ მოუწოდა, რადგან ამ საკითხს, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ზეპარტიული სტატუსი გააჩნია. 
ხელისუფლების ამ პოზიციას ყველა პოლიტიკური ძალა იზიარებს. თუმცა, თავდაპირველად რეზოლუციის ორი პროექტი მომზადდა – საპარლამენტო უმრავლესობის და „ევროპული საქართველოს“ მიერ.
„ქართული ოცნების“ პროექტში 2 ძირითადი საკითხია გათვალისწინებული – მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რათა მოხდეს კონკრეტულად არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტის საერთაშორისო გამოძიება და განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუცია კი, ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად, ითვალისწინებს სიის შედგენას, რომელსაც “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია ერქმევა და, სადაც კონკრეტულად ის პირები შევლენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოსახლეობის მიმართ განახორციელა და ახორციელებს ძალადობას და, ასევე, მათთან დაკავშირებული პირები.
ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ რეზოლუციას პარლამენტი 7 მარტს დაამტკიცებს. იმის გამო, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთის ალტერნატივად არ განიხილება, იყო მოლოდინი, რომ პარლამენტი ორივე პროექტს დაამტკიცებდა და ორ რეზოლუციას მიიღებდა. თუმცა, მმართველი გუნდის მხრიდან ორშაბათ საღამოსვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს პროექტები შესაძლოა, გაერთიანდეს და პარლამენტმა ერთი საერთო რეზოლუცია მიიღოს.
„დიდი იმედი მაქვს, ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ტატუნაშვილის საქმე „ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო ტკივილია“ და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს.
„ევროპულ საქართველოშიც“ ფიქრობენ, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა პარტიული თემა არაა და მას სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უმრავლესობის განწყობაც ისაა, რომ პარლამენტმა ერთიანი რეზოლუცია მიიღოს. 
„ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამიტომ, ამ მიმართულებით მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის ინფორმაციით, კონსულტაციები გრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. მისივე თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ ტექსტზე საუბარი ნაადრევია, რადგან ახლახან დაიწყო საუბარი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, თუ როგორი ფორმა შეიძლება, ჰქონდეს ერთიან დოკუმენტს.
ორი თუ ერთი რეზოლუცია და რა უნდა ეწეროს ტექსტში?
ისეთი დოკუმენტის მიღების მნიშვნელობაზე, სადაც პოლიტიკური სპექტრის ერთიანი პოზიციის დაფიქსირება იქნება მნიშვნელოვანი, საუბრობენ ანალიტიკოსებიც. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რეზოლუციის მიღებასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ რეზოლუციის პრაქტიკაში განხორციელების საკითხია და არა ის, თუ რამდენი ტექსტი იქნება მიღებული.
„რეზოლუციის მიღება ცალსახად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველომ უნდა დააფიქსიროს, რომ ის გულგრილი არ იქნება საკუთარი მოქალაქეების ბედის მიმართ და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პოზიცია იყოს ერთიანი. რეზოლუცია კი ნამდვილად აუცილებლად არის მისაღები.
„ასევე აუცილებელია რეზოლუციის უფრო მეტად პრაქტიკაში განხორციელება. მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის მიღება არ არის საკმარისი. მთავარი მნიშვნელობა ახლა აქვს იმას, პრაქტიკაში რამდენად განხორციელდება რეზოლუციის ტექსტი.
„რაც შეეხება იმას, ერთი რეზოლუცია უნდა იყოს თუ ორი, შესაძლებელია ორივე რეზოლუციის გაერთიანება, მაგრამ შესაძლებელია ცალ-ცალკე მიღებაც. პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება იმას, რამდენად განხორციელდება რეზოლუცია პრაქტიკაში,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
რეზოლუცია იქნება თუ არა ქმედითი, ეს უკვე რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერზეც არის დამოკიდებული.
საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ტექსტი, ეს უკვე პოზიციების შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, სავარაუდოდ, ასახული იქნება დღეს არსებული ორივე პროექტის პრინციპები, ანუ ტატუნაშვილის მკვლელობაზე საერთაშორისო გამოძიება და რეაგირება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება და ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის გაკეთება.
ეს რამდენად შესრულებადია, ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა, როგორც ფაქტის გამოძიების, ასევე მონიტორინგის პროცესში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დიდწილად საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.
თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამას საკმარისად არ მიიჩნევს და პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესებაა აუცილებელი, რადგან სხვა შემთხვევაში „რეზოლუცია ისევ ფარატინა დოკუმენტი იქნება“. 
„დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას, რომ მხარს დავუჭერთ ყველანაირ მცდელობას, განმტკიცდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, სწორედ ისევ ბრალდებებით უპასუხა ქართული მხარის, ქართული სახელმწიფოს ბრალდებებით უპასუხა მმართველმა უმრავლესობამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მიჩნდება ეჭვი, რომ რეზოლუცია, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, იქნება ისევ ფარატინა დოკუმენტი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სანქციების ნაწილის დამატებას მხარს ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც უჭერს.
„რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, მართალია, ამ მომენტში საქართველოს არ აქვს ის ბერკეტი, რომ რუსეთის მიმართ სანქციები განახორციელოს. თუმცა, აქ არის საუბარი პოლიტიკურ პოზიციაზე და შემდეგ უკვე კონკრეტულ სანქციებზე, მაგალითად, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ამიტომ ვფიქრობ, სანქციების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის მიღება 7 მარტისთვის არის დაანონსებული, დიდი ალბათობით, მიღების დრო გადაიწევს, რადგან მმართველი გუნდი და ოპოზიცია საბოლოო ტექსტზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა.

