შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.შ., რომელიც გადაჭრილი ორლულიანი თოფით იყო შეიარაღებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა. იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
“სამართალდამცველებმა, რომლებიც ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს.
“პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო,” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
