LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობიექტების სია, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება, გასაჯაროვდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს, რომლითაც უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

უწყების ცნობით, გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.