მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირების ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა „ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო, ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიგოს ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატო-სთან ინტეგრირების პროცესში“.
პრემიერის თქმით, სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
„16 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გრძელდება საქართველოში ნატო-ს დღეები. ეს ღონისძიებები იმართება ყოველწლიურად და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. წელს განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღეები რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია, ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. უნდა ითქვას, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე. უმნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში გვაქვს. ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მომდინარეობს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან და გენერალური მდივნისგან,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
