ყვარელში უბნის ინსპექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. შსს- ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობის ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
“გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა შეძლო თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება. ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”- განმარტავენ შსს-ში. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა.
“იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს,”- განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს.
