LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კრიტერიუმებით იწყალებს პრეზიდენტი სხვადასხვა დამნაშავეს – წულუკიანი

პრეზიდენტმა შეწყალების წესში, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები და გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს რეიტინგებში, საერთაშორისო დონეზე არ აისახება.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ დაზიანდეს პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო. მეც, როგორც რიგით მინისტრს და მთავრობის წევრს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუ რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს, რის საუკეთესო ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ბოლო დროის მოვლენებიც. როდესაც პრეზიდენტს შეწყალების წესში საარჩევნო წელს შეაქვს ცვლილებები და აადვილებს იმ პირების შეწყალებას, რომლებსაც შემხებლობა აქვთ კორუფციულ დანაშაულთან, ამისთვის საკმარისია “მაცნეზე” გამოქვეყნებული ბოლო ცვლილებები ნახოთ. რა თქმა უნდა, ეს ბადებს კითხვებს. იგივე კითხვები მიჩნებდა, როდესაც მან გასული წლის დეკემბერში თავისთან წაიღო მოქალაქეობის კომისია, თვითონ დააკომპლექტა, შეცვალა თავისი აქტი და შემდეგ გააადვილა ის, რომ უარს ეუბნება მოქალაქეობაზე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა შვილს, რომელსაც უნდა დაბრუნება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ქალბატონ ემუხვარის საქმე და ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი 100-დან,“- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა