მართალია, ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭების არსენალში ყველაფერია – პროფესიული წარმატებით დაწყებული თავბრუდამხვევი რომანებით დასრულებული, მაგრამ დაოჯახებას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას მაინც არ კადრულობენ.
78 წლის ალ პაჩინო, რომელიც უკვე 55 წელია ამტკიცებს, რომ „ჯერ ყველაფერი წინაა“, როგორც ჩანს მამის – სალვატორე პაჩინოს გზას გაჰყვა, რომელიც საკმაოდ ადრე მიხვდა, რომ ერთი ქალის სიყვარული მისთვის არაა და ოჯახი მიატოვა. თავად „ნათლიმამას“ 1970-იან წლებში დაიონ კიტონთან და მარტა კელერთან, 1980-იანებში კი, იანა ტერანტთან, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა და ბევერლი დ’ანჯელოსთან ჰქონდა რომანი, რომელმაც მსახიობს ტყუპები აჩუქა. მართალია, 2017 წელს პაჩინოს ცხოვრებაში 40 წლით უმცროსი არგენტინელი მსახიობი ლუსილა სოლო გამოჩნდა, მაგრამ დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვერც მან შეძლო გამოცდილი ბერბიჭას „ქორწინების მახეში“ შეტყუება.
როგორც ამბობენ, 55 წლის კვენტინ ტარანტინოს მარტოობის მიზეზი არა დეპრესიული მარტოხელას იმიჯის შექმნის სურვილი, არამედ მძიმე ხასიათია. კვენტინი იმდენად შემოქმედებითი ნატურაა, რომ არ გამოსდის ერთ ქალთან დიდხანს ურთიერთობა. მართალია, ტარანტინოს გრძელ ნუსხაში მირა სორვინო და სოფია კოპოლა, კეტი გრიფინი და მარგარეტ ჩო მოხვდნენ, მაგრამ ნამდვილი გრძნობები მხოლოდ უმა თურმანის მიმართ ჰქონდა, რომელმაც უარით უპასუხა მის სიყვარულს და შესაძლოა, სწორედ საყვარელი ქალის დაბრუნების იმედით, არიდებს რეჟისორი თავს სხვა ქალთან ქორწინების.
ჰოლივუდის უკანასკნელ რომანტიკოსად წოდებული, 48 წლის ჯერარდ ბატლერი იმ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ნამდვილ სიყვარულს აფასებს და ერთგულ მეუღლეზე ოცნებობს, თუმცა მისი იმედი ვერც ნაომი კემპბელმა და კამერონ დიასმა, ვერც ეშლი გრინმა, ჯენიფერ ენისტონმა და ინტერიერის დიზაინერმა მორგან ბრაუნმა გაამართლეს. როგორც ამბობენ, ბრაუნმა ულტიმატუმიც კი წაუყენა ბატლერს და ურთიერთობის ან ახალ ეტაპზე გადატანა ან სამუდამოდ დასრულება შესთავაზა, ცნობილმა „სპარტანელმა“ კი, დაშორება და იდეალური ქალის ძებნა აირჩია.
46 წლის ჯარედ ლეტო სრულად ამართლებს ანდაზას, „მითხარი ვინ არის შენი მეგობრი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“, რადგან მის საუკეთესო მეგობრებად 43 წლის ლეონარდო დი კაპრიო და Gucci-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი 46 წლის ალესანდრო მიკელე ითვლებიან. მართალია, ნიჭიერი, სიმპათიური მამაკაცები უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ მათი გულის მოგება ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ლეტომაც მეგობრების ბედი გაიზიარა. საინტერესოა, რატომ არ უმართლებს წარმატებულ მსახიობს პირად ცხოვრებაში? – როგორც აღმოჩნდა, ლეტოს ძალიან ეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და სწორედ ამიტომ გაურბის ოჯახის შექმნას და შვილების შეძენას.
45 წლის ედრიან ბროუდი, რომელიც ხან მონე მაუზერთან გეგმავდა ოჯახის შექმნას, ხან ელზა პატაკის ჰპირდებოდა ოცნებების ასრულებას, ისევ მარტოა. მართალია, მსახიობი ყველა წვეულებას ულამაზეს ქალბატონებთან ერთად სტუმრობს, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოირგო მისი „საყვარელი ქალის“ ტიტული, გამონაკლისი არც რუსი მოდელი ლარა ლიეტოა, რომელიც უკვე მეხუთე წელია მოთმინებით ელის სანატრელ ნიშნობის ბეჭდს.





