31, 39 და 22 წლის მამაკაცები, კიდევ 21 წლის გოგო – ეს იმ ახალგაზრდების ოფიციალური სიაა, რომლებიც სავარაუდოდ, ახალი თაობის ნარკოტიკს „მეფედრონს“ ემსხვერპლნენ, თუმცა სოციალურ ქსელში ამ ტიპის ნარკოტიკისგან გარდაცვლილთა განსხვავებულ რაოდენობაზე წერენ.
ლეტალური შედეგი ოთხივე შემთხვევაში ძილში დადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის პასუხამდე უჭირს დაადასტუროს, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ახალი თაობის ნარკოტიკი „მეფედრონი“, იგივე ე.წ. „მკვლელი მარილი“.
ის, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა „მეფედრონი“ ყოფილიყო, ამის დაჯერება უჭირს „თეთრი ხმაურის მოძრაობასაც“. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „მეფედრონი“, ანუ ნარკოტიკული საშუალება ამ დასახელებით, არის სტიმულანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მისი ზემოქმედების ქვეშ ხარ, ვერ დაიძინებ. ის კი, რაც შესაძლოა ბოლო დროს მომხდარი უბედური შემთხვევების მიზეზი იყოს, სავარაუდოდ, ოპიოიდების ჯგუფის ნივთიერება „ფენტანილია“. ნივთიერება, რომელიც სხვა სიმპტომებთან ერთად, იწვევს ძილს.
„მომხარებლებმა ისიც კი არ იციან, რას იღებენ. ადამიანები გვისახელებენ სხვადასხვა სახის ნივთიერებებსა და ნარკოტიკს. მიუხედავად მათი დასახელების განსხვავებულობისა, ყველას აქვს ერთნაირი კლინიკა და ყველა სრულდება ლეტალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დასახელების ნარკოტიკის სახელით იღებენ აბსოლუტურად სხვა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც იწვევს სიკვდილს. შსს დიდი ხანია ამ თემაზე დუმს. პირველი მსხვერპლი 2 კვირის წინ იყო, ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ არის, რით გარდაიცვალნენ ადამიანები. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ნარკოპოლიტიკის ბრალია. ადამიანებს აქვთ მუდმივი შიში, რომ შეიძლება დაიჭირონ, კითხვასაც ვერ სვამენ. შავი ბაზარი კი უკონტროლოა. სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის გარეშე ვერ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ ჩაატაროს ტესტირებები. სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ ეს სფერო დაარეგულიროს და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ამას შეცვლის,“ – განუცხადა „ფორტუნას“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ირინა ცაგარეიშვილმა.
„მეფედრონის“ მიღება რომ სიკვდილს იწვევს, რთულად სჯერათ ექიმ-ნარკოლოგებს. პირღებინება, კონვულსია (მთელი სხეულის ან კიდურის ძლიერი კრუნჩხვა), გუგების შევიწროვება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მძიმე და შენელებული სუნთქვა, არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) და კომა – ეს სიმპტომები ახასიათებს ოპიოიდების ჯგუფის ნივთიერებას „ფენტანილს“, რომელსაც ექიმი-ნარკოლოგების თქმით, შესაძლოა, ბაზარზე სწორედ „მეფედრონის“ სახელით ყიდდენ, ანუ გამსაღებლები ყიდდნენ „ფენტანილს“, როგორც „მეფედრონს“.
„მეფედრონი“ და „ფენტანილი“ ვიზუალურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. შესაბამისად, ნარკომომხარებელს გაუჭირდება ერთი შეხედვით მისი ამოცნობა. მათი მიღებისგან გამოწვეული სიმპტომები კი, განსხვავდება ერთმანეთისგან. ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას განცხადებით, ის სიმპტომები, რომლებიც აღწერილია, გარდაცვლილთა შემთხვევებისას, „მეფედრონისგან“ ვერ იქნება გამოწვეული. მას ასეთი სიკვდილიანობა არ ახასიათებს. შესაბამისად, ნარკოლოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა „მეფედრონთან“ერთად, სხვა ნარკოტიკული საშუალებაც იყოს გარეული, სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოპიოიდები და ხელოვნურად შექმნილ ნაზავს იღებდნენ ნარკომომხმარებლები.
„ცნობიერების დაკარგვა და ღრმა კომაში გადასვლა არ ახასიათებს „მეფედრონს“, მას ახასიათებს ფსიქოკომატოზური აღგზნება. ფსიქიკური აშლილობა და ა.შ. რაც სიკვდილის მიზეზი ნაკლებად შეიძლება იყოს. ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი კი, ახასიათებს ძლიერ ოპიატს „ფენტანილს“, რაც ჩემი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ბაზარზე. ყიდულობენ „მეფედრონს“ და შიგნით არის გარეული ძლიერი ოპიატი,“ – განუცხადა „ფორტუნას“ დავით ვადაჭკორიამ.
მისივე განმარტებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის: 1. „ნალუქსონი“ პრეპარატი, რომელიც არ იწვევს მიჩვევას და არის ანტიდოტი (ერთადერთი საშუალება ზედოზირების შემთხვევაში), გაიყიდოს რეცეპტის გარეშე და 2. შეიქმნას ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად შეაფასებს ვითარებას ბაზარზე, შეისწავლის მდგომარეობას, რისი მოხმარება ხდება, რა სიხშირით და ა.შ. მათ შორის „შავ ბაზარსაც“.
ექიმი-ნარკოლოგი მოქალაქეებს ამგვარი პრეპარატების მოხმარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
რამდენიმე რჩევა ექიმი -ნარკოლოგისგან:
- მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს შეუნარჩუნონ ცნობიერება;
- თუ ძილისკენ მიდის მომხარებელი, გამოიყენონ ყველა შესაძლო ხერხი (სილის გაწვნა, ტკივილის მიყენება…) მის გამოსაფხიზებლად;
- გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
- თუ მომხარებელი გადავიდა ძილში, 5%-ია შანსი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
არასამთავრობო სექტორიც და ნარკოლოგებიც, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ასახელებენ. ის, რომ ნარკოპოლიტიკა გადახედვას საჭიროებს, ამაზე ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობს. თუმცა, დავით სერგეენკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა გულისხმობდეს, უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციას. განგაშის ზარების შემოკვრაზე მიუთითებენ მმართველ გუნდშიც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია, ამბობს, რომ ბოლო დროის მოვლენები სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე კი ღიად აცხადებს, რომ ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და ის სწრაფად კლავს.
პარლამენტში დღეს გამართული ბიუროს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული პაკეტის განხილვის ვადამ ერთი თვით გადაიწია.
ქეთი გიგოლაშვილი

