LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მასში სარალიძესთან ერთად უფლებადამცველი ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმ ინფორმაციაზე ისაუბრებს, რომელის მას საქმესთან დაკავშირებით აქვს.

“ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, რასაც პროკურატურა ასე გამალებით მალავს. გუშინაც იგივე ფაქტი გამეორდა. მალხაზ კაპანაძემ გაამყარა პროკურატურის ძალიან მცდარი პოზიცია,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პროკურატურის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნის შეთავაზებაზე, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯგუფიც იგივე პროკურორებით დაკომპლექტდება და ამის აზრს ვერ ხედავს.

“იქიდან გამომდინარე, რომ 6 თვეა პროკურატურა მატყუებს, რომელ ჯგუფს უნდა ვენდო. იგივე პროკურორები იქნებიან შოთაძის უწყებიდან და მნიშვნელობა არ აქვს შოთაძეს შევხვდები, ფხაკაძეს, კაპანაძეს თუ კიდევ სხვა პროკურორს. არსებითი მნიშვნელობა არც იმას აქვს, ადვოკატთან ერთად შევალ თუ მარტო, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი შოთაძე, მის მიერ გაკეთებული შემოთავაზების დღიდან, ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებენ. კერძოდ, იმას, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდება და რომ მეტი მტკიცებულება არ გააჩნიათ. რა აზრი აქვს შეხვედრას, რომ მიმტკიცონ ერთი და იგივე?”- განაცხადა ზაზა სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო დღეს გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.