LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხვალ მსოფლიო საპატრიარქოს მაღალი რანგის მღვდელმთავრები ეწვევიან

საქართველოს საპატრიარქოს ხვალ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები ეწვევიან. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ ხვალ საპატრიარქოში მიიღებს.

„მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ასევე 17 ივნისს, უწმინდესის საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად სტუმრობდა. საპატრიარქოს განმარტებით, სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.