LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მომავალ კვირას ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს მოუსმენენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას დაზარალებულ ოჯახებს სარალიძესა და დადუნაშვილს მოუსმენს.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომისიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან მასალები დროულად გადაეგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანია, საქმეზე გონივრულ დროში ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მზაობა ჩანს, რომ კომისიის საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას და ოპერატიულად იმუშაოს.

„ამას ისიც უზრუნველყოფს, რომ მასალები ოპერატიულად გადმოგვეცა. მომავალ კვირას კომისიის სხდომებს ვგეგმავთ. მესამე სხდომაზე მოწვეული არიან დაზარალებული ოჯახები სარალიძე, დადუნაშვილი და მათი ადვოკატები. პირველად დაზარალებულ ოჯახებს მოვუსმენთ და მათთან გასაუბრება გვექნება,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით,  „ევროპულმა საქართველომ“ კომისიაში ექსპერტებად ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე წარადგინა, რომელთა ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას საფრთხე ექმნება.

დეპუტატის ცნობით, აღნიშნული პირები 2012 წლამდე სამართალდამცავ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მათი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვები არსებობს.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ კომისია გამჭვირვალე ყოფილიყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელმძღვანელობა ოპოზიციას გადასცემოდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოწვეული ექსპერტების ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის მიმართ კრიტიკული კითხვები გვაქვს. საზოგადოებაში მათ მიმართ აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. თუ გვინდა, რომ კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე და ობიექტური იყოს და საზოგადოებას კითხვები არ გაუჩნდეს, მაშინ უნდა უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი ისეთი ადამიანებისგან დავცალოთ, ვის მიმართაც საზოგადოებას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, რათა კომისიის დისკრედიტაცია არ მოხდეს. რისკები დიდია იმის, რომ ამ პირების მიმართ საზოგადოებას აქვს და ექნება მკვეთრი დამოკიდებულება,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კითხვები აღნიშნული პირების წარსულს ეხება, ვინაიდან ისინი 2012 წლამდე სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდნენ. ასევე, ოხანაშვილის განცხადებით, იკვეთება მათი გარკვეული კავშირები რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ აქციებთანაც.

„ეს აქციები იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომელთაც რევანშისტული მიზნები ამოძრავებთ. ამ პარტიებთან მათი მჭიდრო კავშირი იკვეთება. ისეთი ექსპერტების ჩართულობა უნდა უზრუნველვყოთ, ვის მიმართაც საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება არ ექნება. ჭაიასა და ქადაგიძის ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას, ასევე „ევროპული საქართველოს“ ობიექტურ და სამართლებრივ შეფასებებს საფრთხე ემუქრება, რადგან ეს პირები, რომელთაც საექსპერტო საქმიანობა უნდა გასწიონ, დიდი ალბათობით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიკერძოებული იქნებიან. ნათელია, მათი კავშირი ისეთ პარტიებთან, ვისი მიზანიც რევანში იყო.

„ევროპულ საქართველოს“ მოვუწოდებ, სიას გადახედოს და კომისიაში იმ პირების შეყვანა მოხდეს, ვის მიმართაც კითხვები არ იქნება,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.