“ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული,” – გიორგი მარგველაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განმარტებით, დააყენებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არაჩევნებში საკუთარ კანდიდატურას, ჯერ ამ საკითხზე არ არის ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილებას რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მიიღებს.
გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკუირ სპექტრია დაბნეული.
“ყველაფერი გავაკეთეთ ამ 5 წლის განმავლობაში, რომ დაგვებნია საკუთარი ამომრჩეველი. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, მოსამართლეების დანიშნვის უფლება, საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობის უფლება. აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, დაბნეულია პოლიტიკური სპექტრიც, დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა სისტემური რყევა და ჩემთვის არ არის მოულოდნელი მოქალაქეების ჩამოუყალიბებელი პოზიცია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას თავადაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღებს.
