LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლოა, მეკობრეებმა გაიტაცეს” – გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეხუთე დღეა კავშირზე არ გამოდის

გემი Pantelena , მეხუთე დღეა კავშირზე არ გამოდის. დამსაქმებელი კომპანია „იალქანი“ არ ფლობს ახალ ინფორმაციას, სად არის გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემთან კავშირი 14 აგვისტოს შეწყდა. ხომალდით დასავლეთ აფრიკის ერთერთ ქვეყანაში დიზელის საწვავი გადაჰქონდათ. კომპანიის მენეჯერის განცხადებით, გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, რომელთანაც 20 წელია თანამშრომლობენ და პრობლემები არ შექმნიათ.

დამსაქმებელ კომპანიაში გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან აქვთ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ტვირთის წართმევის მიზნით, მეზღვაურებს მეკობრეები დაესხნენ თავს. თუმცა ბათუმში მდებარე კომპანიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს, თავდამსხმელები სომალელი მეკობრეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა მოხდა, მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემი შესაძლოა, მეკობრეებმა გაიტაცეს, რადგან დასავლეთ აფრიკაში დიზელის საწვავი ძვირად ფასობს, ხშირია მეკობრეების თავდასხმის შემთხვევები. მინდა, აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის სომალელ მეკობრეებზე. გემი “პანტელინა“, რომელთანაც კავშირი დავკარგეთ, მიემგზავრებოდა დასავლეთ აფრიკის გაბონის რესპუბლიკაში“, – განაცხადა “პირველ არხთან”  კომპანიის  მენეჯერმა, ანჟელა ოგანესიანმა

გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან 17 ბათუმელი მეზღვაურია, ორი კი რუსეთის მოქალაქე. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ჩართულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციები.