LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა”

„ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია ან – საფრანგეთი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

ქობულიას თქმით, ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „დღესდღეობით ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ჩვენი საექსპორტო შემოსავლების პრაქტიკულად, 80%-ს გვაძლევს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვაჭრობა და სადაც ჩვენ ძალიან დიდი ტემპებით ვვითარდებით. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მან დაასახელა ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად განახორციელებს. მათ შორისაა, ინფრასტრუქტურის განვითარება – გაძლიერება, ასევე პირდაპირი ფრენები, განათლება ტურიზმის სფეროში და სხვ.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, საიდან და როგორ უნდა მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და სად გვჭირდება პირდაპირ ფრენები. ასევე დიდი ძალისხმევა გვჭირდება განათლების სფეროში – უნდა მივცეთ განათლება ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ტურისტულ სეგმენტს მოემსახურება. ეს პროფესიებია – გიდი, მიმტანი, მენეჯერი და სხვ. გვაქვს სერიოზული პროგრამა საემიგრაციო საკითხებთან და საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს კომპლექსური პროგრამა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ტურიზმის მომსახურების ხარისხი,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პრიორიტეტებს შორისაა საქართველოში მაღალი გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვა და ე.წ. ბიზნესტურიზმის განვითარება.