LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის რეგიონულ დანაყოფებს 180 ახალი ავტომანქანა შეემატა

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის,“ – განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ .

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, კერძოდ, იაპონიის მთავრობამ უწყებას 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადმოსცა.